ნინო გვენეტაძე პრინციპული ადამიანია, მასზე ზემოქმედების მოხდენა ძნელია – სიმონ ნოზაძე

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მიზეზები, რის გამო შეიძლებოდა ნინო გვენეტაძეს დაეტოვებინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და არ მიაჩნია, რომ ეს მან ვინმეს ზემოქმედების საფუძველზე გააკეთა.

როგორც დეპუტატმა მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას დღეს განაცხადა, შესაძლოა დაგროვდა  პრობლემები, რომელთა გამო გვენეტაძემ გადაწყვიტა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნა გაუმართლებელია.

” დიდი ხანია ვიცნობ ნინო გვენეტაძეს, პატივს ვცემ მის პრინციპულობას და განსწავლულობას, არ მგონია ეს გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიეღო, გარდა ამისა, ძნელია მასზე ზემოქმედების მოხდენა. გახსოვთ მისი დამოკიდებულება წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, მას უკან არ დაუხევია და არ დაუთმია თავისი პრინციპები. არც ერთი საქმე არ მახსენდება ისეთი, რომ ამის გამო წასულიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან.  კრიტიკას რაც შეეხება, ​როდესაც ადამიანი მუშაობს კრიტიკა ყოველთვის იქნება, ამისთვის ვიბრძოდით ჩვენ რომ გვქონოდა თავისუფალი მედიასივრცე, ვისაც აირჩევენ მის შინაგან მრწამსსა და პროფესიონალიზმზე ბევრი იქნება დამოკიდებული”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

მსგავსი თემები