„ნინო გვენეტაძე ვერც კლანის წევრი გახდა და ვერც მას შეებრძოლა“ – შალვა შავგულიძე

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან საკუთარი სურვილით არ წასულა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გვენეტაძე იძულებული გახდა, ბრძოლის ველი დაეტოვებინა.

„ლოგიკურია, ეს არი იყო მისი სურვილი და ეს არ იყო ჯანმრთელობის მდგომარეობით განპირობებული ნაბიჯი. კლანმა ჩაიგდო ხელში სასამართლო ხელისუფლება. ნონო გვენეტაძე ვერ გახდა ამ კლანის წევრი და იმთავითვე არც იყო და ვერც სათანადო ბრძოლა შეძლო მათთან და დატოვა ბრძოლის ველი“ – განაცხადა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, სასამართლო სისტემის პრობლემა არის დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაბამისად, ამბობს, რომ არსებული საბჭო დასათხოვია.
„თავისუფალმა დემოკრატებმა” წარმოვადგინეთ სასამართლო რეფორმის რადიკალური კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს რამოდენიმე რადიკალურ ზომას, რათა გამოსწორდეს მდგომარეობა სასამართლოსთან დაკავშირებით. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, არასამთავრობო სექტორთან და ალბათ ეს თემაც იქნება წარმოდგენილი საზოგადოების წინაშე. რეალურად, პრობლემა არის იუსტიციის საბჭოში. ჩვენი რადიკალური რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ღერძის შემადგენელი სწორედ იუსტიციის საბჭოს დაშლაა, რასაც კონსტიტუციური ცვლილება სჭირდება“ – აღნიშნა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება არსებული იუსტიციის საბჭოს ფუნქციებს, „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივით, ის, დროებითმა ორგანომ უნდა შეითავსოს: „არსებულ საბჭოს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. უნდა შეიქმნას დროებითი ორგანო, რომელიც, დროებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებს აიღებს. სამწუხაროდ, დრეს სასამართლო ისეთ ღრმა კრიზისში შევიდა, რადიკალური ცვლილება და ქირურგიული ჩარევა სჭირდება,“ – განაცხადა შალვა შავგულიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები