„ნინო გვენეტაძემ პროკურატურისა და დაზარალებულის დაკვეთა შეასრულა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა“ – ოთხმეზურის საქმე

“ბოლო დროის განმავლობაში, ჩემი ღრმა რწმენით, ნინო გვენეტაძემ, რამდენჯერმე, პროკურატურისთვის პრინციპულ საქმეებზე, შეასრულა პროკურატურის დაკვეთა და გამამართლებელი განაჩენები გააუქმა,” – აღნიშნული განცხადება, დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სწორედ ამით ხსნის ადვოკატი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ნინო გვენეტაძე, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა.

„უზენაეს სასამართლოში, სხდომის თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა ასლან ბეჟანიძის გამამართლებელ განაჩენს, ხოლო ნინო გვენეტაძემ პაატა სილაგაძესთან ერთად, ჩემი ღრმა რწმენით, შეასრულა პროკურატურის და დაზარალებულის დაკვეთა და მოიტანა სრულიად დაუსაბუთებელი, გამამტყუნებელი განაჩენი. თუ თქვენ დააკვირდებით მოსამართლე გიორგი შავლიაშვილის განსხვავებულ აზრს და თუ შეადარებთ ნინო გვენეტაძის მიერ დაწერილ აბსურდულ განაჩენს, დაინახავთ, რომ გაცილებით კარგი დასაბუთება აქვს გიორგი შავლიაშვილს.  შედეგად მივიღეთ ის, რომ უდანაშაულო ასლან ბეჟანიძის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი,“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, რა ინტერესი ჰქონდა ნინო გვენეტაძეს ასლან ბეჟანიძის მიმართ, დაცვის მხარის ადვოკატების მტკიცებით, ინტერესი პროკურატურიდან მოდის.   

„შემიძლია წარმოვადგინო, ნინო გვენეტაძის მიერ, ბოლო წელს გამოტანილი არაერთი განაჩენი, სადაც მან გააუქმა, პირველი და მეორე ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მაგალითად, გიორგი ვაშაკიძის სასამართლო, სადაც მან ნარკოტიკი ჩაუდეს“ – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

აღნიშნული საქმის მეორე ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით კი, ასლან ბეჟანიძის შეწყალება იყო სამართლიანი, მაგრამ დაგვიანებული შეწყალება.

„პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემით აღდგა სამართლიანობა, რომელიც დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძემ. ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ შეასრულეს პროკურატურის და დაცვის მხარის დაკვეთა. მივესალმებით,  თუ საზოგადეობას გააჩნია შეკითხვები და  ამ შეკითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. როცა პრეზიდენტი ხედავს ირღვევა ადამიანის უფლებები, მას უნდა გქონდეს დისკრეციული უფლება. ეს კონკრეტული შეწყალება იყო სამართლიანი. ჩვენ ვუწოდეთ ამას დაგვიანებული შეწყალების ქრონიკას. ვინაიდან, ასლან ბეჟანიძე იყო უდანაშაულო. ერთადერთი გზა მისი განთავისუფლების იყო პრეზიდენტის შეწყალება“ – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ  დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.    

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d/

მსგავსი თემები