ნინო გვენეტაძემ “კლანის” დამარცხება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, მასთან ეთანამშრომლა – კახა წიქარიშვილი

მოსამართლეთა სადისციპლინო კომისიის ყოფილი წევრი კახა წიქარიშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მოუწოდებს საჯაროდ ისაუბროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური პრობლემების შესახებ, რისი მოწმეც ის გახდა, რათა ამით საზოგადოებას დაეხმაროს რეალურად წარმოდგენა შეექმნათ, თუ რა ხდება ამ სფეროში. 

როგორც კახა წიქარიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო გვენეტაძემ საჯაროდ გააკეთა განცხადება, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი. 

“მე ვიყავი მისი თანაშემწე და ერთად ვგეგმავდით მთელ რიგ ღონისძიებებს, მათ შორის ამ კლანის წინააღმდეგ, რაც სასამართლოში დღეს არის გაბატონებული. სამწუხაროდ გვენეტაძის სტრატეგიამ ვერ გაამართლა, მან ვერ შეძლო ამ კლანის დამარცხება და იძულებული გახდა ეთანამშრომლა მათთან. ბოლოს ამ თანამშრომლობამ მიაღწია პიკურ მდგომარეობას და გარკვეული მორალური მაქსიმუმის შემდეგ ის წამოვიდა სასამართლოდან”, – აცხადებს კახა წიქარიშვილი. 

კითხვაზე, თუ ვინ არის ეს კლანი, წიქარიშვილი აცხადებს, რომ როცა გვენეტაძე გახდა თავმჯდომარე, იმ დროისთვის სასამართლოში არსებობა 2 – ცერცვაძისა და ჩინჩალაძის კლანი, რომლებიც დიდი ხანია სასამართლოში ჩამოყალიბებულია. 

“გვენეტაძის წინამორბედი იყო კოტე კუბლაშვილი. ძალთა ბალანსი მაშინ ასეთი იყო: ცერცვაძე რომელიც იყო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ჩინჩალაძე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მათ ჰყავდათ თავისი ჯგუფები და მათი მეშვეობით მართავდნენ სასამართლოს. უფრო მეტიც, 2012 წლამდე, ამ ჯგუფების მეშვეობით ხდებოდა იმ ცუდი საქმეების კეთება, რასაც კობახიძე მოიხსენიებს მილიონ ცუდ საქმედ”, – განაცხადა წიქარიშვილმა “მთავარში”.  

მსგავსი თემები