ნინო გვენატაძე კომფორტულად ვერ გრძნობდა თავს დაკავებულ თანამდებობაზე – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას იმას უკავშირებს, რომ შესაძლოა იგი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა აღნიშნულ თანამდებობაზე.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა მედიცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, რამდენჯერმე შეხვდა ნინო გვენეტაძეს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა და მისი პასუხებიდან და საკითხისადმი დამოკიდებულებიდან შეექმნა მის მიმართ ასეთი განწყობა.

​მეგობრები არ ვართ. ადრე კოლეგები ვიყავით, უნივერსიტეტში ერთად ვმუშაობდით. მაგრამ განცდა მქონდა, რომ კომფორტულად ვერ გრძნობდა იქ თავს”, – აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს გვენეტაძის გადადგომა ბექა ნაცვლიშვილის აცხადებს, რომ ვერსიები არ აქვს, თუმცა, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს უარყოფითად აფასებს და შეეძლო თუ არა მათი გამოსწორება ნინო გვენეტაძეს მისთვის უცნობია.

“ჩვენმა ფრაქციამ მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შრომის დავებზე გამოეყოთ 2 მოსამართლე მაინც, მაშინ, როდესაც კომერციულ დავებზე 4 მოსამართლე ჰყავთ გამოყოფილი, რაც დააჩქარებდა შრომით დავებზე გადაწყვეტილების მიღებას და ეს იქნებოდა, როგორც დასაქმებულებისთვის, ისე დამსაქმებლებისთვის ძალიან კარგი, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი ჯარიმდებიან და ანაზღაურება ძალიან ძვირი უჯდებათ. მივმართეთ და იქიდან პასუხი არ მიგვიღია. პირად საუბარში ვკითხე ნინოს ამის შესახებ და მაშინ მივხვდი, რომ მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდა იქ თავს, მაგრამ მოტივაცია, თუ რატომ წავიდა არ ვიცი”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. სასამართლოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

საჯარო განცხადებაში ნინო გვენეტაძე საუბრობს იმ რეფორმებზე, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში. მათ შორის არის პირველად ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და ამოქმედება, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა.

გვენეტაძე მადლობას უხდის კოლეგებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ ქართული მართლმსაჯულება ღირსეულად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, ღირსეულად მოემსახურება კანონის უზენაესობასა და სამართლიანობის დამკვიდრებას.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2015 წლის 20 მარტიდან ხელმძღვანელობდა.

მსგავსი თემები