“ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი გასაღიზიანებელი არაა” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტში გასაღიზიანებელი არაფერია.

როგორც შალვა ნთელაშვილმა აღნიშნა, დღეს მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ერთი მოთხოვნით, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ხელისუფლებაში.

„ამ მიზნის მიღწევაზე თათბირობს ყველა ორიენტაციის მქონე პარტიები, პროდასავლური, პროამერიკული პრორუსული და სხვადასხვა პრო. შესაბამისად, არანაირი ვალდებულება, რომ ჩვენი იდეოლოგია, საშინაო და საგარეო სტრატეგია უარვყოთ, კონკრეტული ფორმატის გამო, არ არის. ვთვლი, რომ პარტიები გააგრძელებენ რბოლას ვაშინგტონში, ბრიუსელში, მოსკოვში, პეკინში, სადაც სურთ და არავითარი შემზღუდავი გარემოება, რომ ჩვენ ივანიშვილის მოცილებაზე აქ ვიკრიბებით და ვმსჯელობთ არ შეიძლება იყოს საგარეო აქტივობისთვის. იმედი მაქვს, რომ ნინო ბურჯანაძე მოსთხოვს უმაღლეს ხელმძღვანელობას რუსეთისას, რომ როგორც მოათრიეს ივანიშვილი, ისე გაათრიონ, ვიდრე ის მოხვდებოდეს რკინის გალიაში. მე ვთვლი, რომ აქ არავითარი გასაბუტი და გასაღიზიანებელი ფაქტორი არ მომხდარა. რადგანაც ქალბატონი ნინო არაერთხელ ბრძანდებოდა მოსკოვში, ის სამჯერ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს. მან საკონსულაცტიო ფორმატი როცა იქმნებოდა, მაშინ განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები