ნიკოლოზ პაშინიანი პრემიერის თანამდებობიდან გადადგა, რათა კვლავ დაბრუნდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ პაშინიანი, რომელიც სულ 5 თვეა აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა, გადადგა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად პაშინიანი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელ რეფორმებს ასახელებს, კერძოდ, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“დღეს გადავდექი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ჩემი წასვლა არ არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, პირიქით, ეს არის აუცილებელი ზომა, რათა ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხალისუფლება დაუბრუნდეს ხალხს”, – განაცხადა პაშინიანმა სომხეთის საზოგადოებრივი ტელეარხის ეთერში.

სომხეთის აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა ბოდიში მოუხადა მათ, ვისი მოლოდინიც ვერ გაამართა ამ ხნის განმავლობაში და აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება: “ძვირფასო თანამემამულენო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენი ტკივილი ჩემს გულში რჩება, ყველა თქვენი საჭიროება ჩვენს გონებაშია, თქვენი ოცნებები ჩემს სულშია და მაძლევს ძალას გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”.

რევოლუციის შემდეგ პაშინიანმა სრულად შეცვალა სომხეთში აღმასრულებელი ხელისუფლება და ახალი მინისტრები დანიშნა. თუმცა პარლამენტში უმრავლესობა კვლავ მის იდეოლოგიურ მოწინააღმდეგე “რესპუბლიკურ პარტიას” აქვს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ რესპუბლიკური პარტიის წევრმა დეპუტატებმა გაიყვანეს პაშინიანის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაგრამ, როგორც ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, რესპუბლიკელებმა ეს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პროტესტის ზეგავლენით მიიღეს.

იმის გამო, რომ პაშინიანის ახალარჩეული მთავრობის რეფორმების გატარება პარლამენტის წინააღმდეგობის გამო ფერხდება, მან, კრიზისიდან კანონიერი გამოსავალი მონახა. სომხეთის კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომ პრემიერ-მინისტრის ნებაყოფლობითი გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა ორჯერ უნდა უყაროს კენჭი ამ თანამდებობაზე ახალ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი საკუთარ თავს თავად დაითხოვს, ჩატარდება ვადამდელი არჩევნები.

 

მსგავსი თემები