“ნიკანორ მელიას უფლებები გავუთანაბრეთ სხვა მოქალაქეების უფლებებს, რომ მისი მანდატი არ ქცეულიყო ინდულგენციად” – გურამ მაჭარაშვილი

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის გადანაწილებული ფუნქციები სწორად გამოიყენება პრაქტიკაში“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

როგორც დეპუტატი განმარტავს, პარლამენტს დეპუტატის დაპატიმრებისთვის არ მიუცია თანხმობა და ის ინფორმაცია, რაც ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

„მსურს, საზოგადოებას ესმოდეს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა ნიკანორ მელიასთვის, როგორც დეპუტატისთვის, მანდატის მოხსნაზე და არავის მიუცია თანხმობა და დასტური მის დაპატიმრებაზე, რადგან ეს საკანონმდებლო ორგანოს საქმე არ არის. ჩვენ, ნიკანორ მელიას უფლებები გავუთანაბრეთ სხვა მოქალაქეების უფლებებს, რათა მისი მანდატი არ ქცეულიყო მისთვის ინდულგენციად. ხოლო, სასამართლომ იმსჯელა და მიუხედავად იმისა, რომ თავად მელიასაც და ალბათ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც ჰქონდა წინასწარი მოლოდინი, რომ მას პატიმრობა შეეფარდებოდა, სასამართლომ გამოიყენა უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიება, ე.წ. შინაპატიმრობის სახით, რომლის დროსაც მას ეკრძალება საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოების თანხმობის გარეშე და ნებისმიერი საქმიანობა საჯარო სივრცეში“- – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

და ბოლოს, გურამ მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენი სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად დამოუკიდებელია და ის პოლიტიკის მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს.   

მსგავსი თემები