ნეპოტიზმი და განათლების არახელმისაწვდომობა კვლავ მწვავე პრობლემაა – გია აბაშიძე NDI -ის კვლევაზე

პოლიტოლოგი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემაა განათლების მიღება, რაც NDI-ის ბოლო კვლევებითაც დასტურდება. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 73% ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რეპეტიტორთან მომზადება სჭირდებათ. განათლება ხელმისაწვდომია გამოკითხულთა მხოლოდ 50%-სთვის. ​ანალიტიკოსის თქმით, ნეპოტიზმი კვლავ პრობლემაა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ განაცხადა, კიდევ ერთი პრობლემაა ენების არცოდნა. არაქართულენოვანი მოსახლეობის სეგმენტში ჩატარებული გამოკითხვისას, 44% ამბობს, რომ არ იცის სახელმწიფო ენა – ქართული. შემაწუხებელი ტენდენციაა, რომ 60% აცხადებს, რომ არ იცის ინგლისური ენა და მხოლოდ 12% ამბობს, რომ არ იცის რუსული ენა.

“რასაც ამ კვლევიდან ვხედავ, ქვეყანაში მწვავედ დგას განათლების პრობლემა. ასეთი სოციოლოგიური გამოკითხვები კარგი პულსაციაა პოლიტიკოსებისთვის თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება. პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკოსების დღის წესრიგი მეტწილად აცდენილია საზოგადოების დღის წესრიგს. კვლევები ზუსტად ამას მიანიშნებენ. საზოგადოებას არ აინტერესებს პროცენტული ბარიერები, ფრაქციების შექმნები, ძველი და ახალი გვარდიები. მათ აინტერესებთ კონკრეტული პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ. სამწუხაროა, რომ სოციალურ- ეკონომიკური პრობლემები ჯერ კიდევ დგას დღის წესრიგში”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მსგავსი თემები