“ნაციონალური მოძრაობის” დროს შვილმოკლული ოჯახები საგანგებო შტაბს ქმნიან

​პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შვილმოკლული ოჯახები, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებენ და საგანგებო შტაბს ქმნიან, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაიხსნება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, წინა ხელისუფლების დროს  მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა განაცხადა, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს.

“დღეს ვქმნით საგანგებო შტაბს, რომელიც იქნება რუსთაველის გამზირზე, მისამართს გამოვაცხადებთ, სადაც შეეძლება ყველა მხარდამჭერ მოქალაქეს მოვიდეს, დაფიქსირდეს და გამოხატონ საკუთარი ნება. ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას გამარჯვებისთვის, დავსახავთ შემდგომი მოქმედების გეგმებს, აქ იქნება მთელი საზოგადოება. არაფრით უნდა დავუშვათ ნაციონალების დაბრუნება, რეჟიმის, რომლის დროსაც კაცებს მასობრივად აუპატიურებდნენ. გვიბრუნდება ჯოჯოხეთი, რომელიც გამოვიარეთ”, – აცხადებს ია მეტრეველი.

შვილმოკლული დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ მისთვის მიულოდნელი იყო 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არის “დიდი ღალატის” შედეგი და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაყალბებული არჩევნები, “ქართული ოცნების” პარტიული კოორდინატორებიც კი ნაციონალები აღმოჩნდნენ.

მისივე თქმით, დღემდე უამრავი ნაციონალი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში, მათი მხრიდან კვლავ გრძელდება ადამიანების დაშინება.

“იყო დიდი ღალატი, “ოცნების” კოორდინატორებიც კი აღმოჩნდნენ ნაციონალები. იმდენად აირია ერთმანეთში ვინ არის “ოცნება” და ვინ ნაციონალი, უკვე ძნელი გასარკვევია. იგივე მოხდა რაიონებში. თუმცა ჩვენ გვაქვს ბოლო ბრძოლა, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება. მთავრობას მოუწევს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება”, – აცხადებს ია მეტრეველი.

მსგავსი თემები