„ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას ცდილობენ” – გახარია

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მათი ფილიალი „ევროპული საქართველო“, არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებითა და მოდელირებული რეალობით ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერობის და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, დარღვეული იყო შეხვედრის ფორმატი და მას არ მიეცა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.

„დღეს ეს არის მეორე შეხვედრა და ფაქტია, სხვაობა საერთოდ არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ უბრალოდ, გაიქცა დარბაზიდან. მისმა ფილიალმა „ევროპულმა საქართველომ“ ხელში ჩაიგდო მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები. მიზანი იყო მხოლოდ ტყუილების, როგორც თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. გასაოცარი იყო, როდესაც მიკროფონთან პასუხის გაცემის საშუალებას არ იძლეოდნენ.  საერთოდ დარღვეული იყო ყველა სახის ფორმატი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმეჯერ იყო შეთავაზებული, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა, ისინი არც კი დაინტერესებულან. პრობლემა არის კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიციაა – სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობითა და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებასა და მიკროფონის ხელში ჩაგდებით, არ გაძლევენ საშუალებას, უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ მედიათავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები