“ნაციონალური მოძრაობა” ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი ტოკიოსგან მანძილით” – სოფო კილაძე

“ნაციონალური მოძრაობა” თავისი სხვადასხვა დანაყოფებით ისე შორსაა ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით”, – ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც კომიტეტის გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სოფო კილაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვება თავისთავად იმის მიმანიშნებელია, რომ მათ პასუხების მოსმენა არ უნდათ, რადგანაც ზუსტად იციან სიმართლე. 

„სირცხვილია, როდესაც არ იცის ზოგიერთმა ოპოზიციონერმა, თუ რა ფუნქციას ატარებს კომიტეტის ანგარიში. ყველა კომიტეტის ანგარიში – ეს არის ტექნიკური ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ვმუშაობთ. არც ერთი კომიტეტის ანგარიშში არ არის და არც ყოფილა არასდროს შინაარსობრივი საკითხების განხილვა და შინაარსობრივი შეფასებები. გასაგებია, რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ წარმოუდგენელია, როდესაც კომიტეტს სთხოვენ ტექნიკურ ანგარიშში ჩაწეროს შინაარსობრივი თემები. არ ვიცი ეს რეგლამენტის უცოდინრობაა  თუ შეგნებულად აკეთებთ ამას. მე მაინც მგონია, რომ უფრო შეგნებულად აკეთებთ, რადგან თქვენს პროფესიონალიზმზე უფრო მაღალი წარმოდგენის ვარ“, – მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

კილაძის განცხადებით, წარმოდგენილ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ, მაგრამ ოპოზიციას ამის დანახვა არ სურს.

„სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით, კომიტეტმა წელსაც და შარშანაც გაითვალისწინა მაქსიმალური რაოდენობა რეკომენდაციებისა. წელს იყო 85%, შარშან – 75%, სადაც ჩაიწერა ყველაზე კრიტიკული თემები, მათ შორის, მაჩალიკაშვილის, ხორავას ქუჩის ტრაგედია, უმწვავესი სოციალური თემები. კარგი იქნებოდა წაგეკითხათ და მხარი დაგეჭირათ, თუ მართლა შეგტკივათ გული ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სხვადასხვა დანაყოფებით ისე შორს არის ადამიანის უფლებების დაცვასთან, როგორც ვაშინგტონი და ტოკიო ერთმანეთისგან მანძილით. მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ყველა შინაარსობრივად მწვავე თემა განხილულია.

„როდესაც საუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, ბავშვთა უფლებებზე მწვავე თემა არის რამე ქვეყანაში? როდესაც ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ეს არის მართლაც საუკეთესო კოდექსი, რომელიც ჩვენ შეიძლება დაგვეწერა და ამას თქვენ მხარს არ უჭერთ, არც ერთვებით განხილვებში, ამას რა დავარქვა? მერე თქვენ გინდათ თქვათ, რომ თქვენ შინაარსობრივად ადამიანის უფლებებით ხართ დაინტერესებული? გავიგეთ, თქვენი პოზიცია და სურვილია აკრიტიკოთ ხელისუფლება, მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ რაში? საკრიტიკებელი ბევრი თემაა, მიუხედავად წინ გადადგმული იმ ნაბიჯებისა. გაოცებული ვარ თქვენი დამოკიდებულებით, მაშინ, როდესაც ეს ტრიბუნა შეგიძლიათ გამოიყენოთ მართლაც უმწვავესი საკითხების დასაყენებლად, რაში ხარჯავთ დროს. დროს ხარჯავთ ტექნიკურ საკითხში, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. რეგლამენტში ჩაიხედეთ და მიხვდებით, რომ დღეს რა საკითხებიც დააყენეთ, არც ერთი არ იყო სიმართლესთან შესაბამისი“, – მიმართა სოფო კილაძემ ოპოზიციას.

„რა თქმა უნდა, მე სხვას მათგან არაფერს ველოდები, გარდა უსაგნო, დესტრუქციული დამოკიდებულებისა, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ გამოჩნდება მომავალში არა ერთხელ“, – დასძინა სოფო კილაძემ.

მსგავსი თემები