„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვერ ეღირსებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვერ ეღირსებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩავარდეს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ ინტერესებშია, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, რადგან ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც არ სურს, საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლა.

„მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესია პროცესების რადიკალიზაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის აბსოლუტურად ნულოვანი. ისინი არიან აბსოლუტური ჩიხის რეჟიმში და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულება არის აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ შეთანხმების ჩაშლა. ამას ვერ ეღირსებიან, 29 ივნისს გაიმართება კენჭისყრა. 116 ხმით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ის, რომ ახლოს ვართ 113-იან ნიშნულთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პასუხისმგებლობა, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ელჩების თანდასწრებით. ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ. არავის შერჩება ის, რომ ისინი ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს ისე არ გაივლის, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები