ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაურს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მწყემსს – მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოუტანეს და დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები საბოლოო გადაწყვეტილებისთვის დაახლოებით 5 საათი მსჯელობდნენ. დაკავებულ მწყემსს 6 წლიან პატიმრობას მიუსჯიან თუ უვადოდ მოუწევს საკანში ყოფნა, ამას სასამართლო განსაზღვრავს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატები აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

“მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ბრალდება მხოლოდ რამდენიმე ვერსიას ეყრდნობოდა. დაცვის მხარეს მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი აქვს – სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო პალატა ამ ყოველივეს გულისყურით მოეკიდება. არსებობს საფუძველი, მინიმუმ ჩვენი საქმე გადაიხედოს, იმიტომ, რომ არაერთი პროცესუალური დარღვევები გამოიკვეთა და მტკიცებულებების დიდი ნაწილი გაზიარებული არ ყოფილა“ – აღნიშნა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პროკურატურის ინფორმაციით კი ნაფიცმა მსაჯულებმა, საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარეს.

„ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალდებაში ერთხმად სცნო დამნაშავედ. მინდა განვმარტო, რომ ეს მოულოდნელი არ იყო. რადგან ბრალდების მხარე იმ დღიდან, როდესაც მალხაზ კობაური პასუხისგებაში მიეცა, აღნიშნავდა, რომ საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულება იქნა მოპოვებული, რომლებიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებდა იმას, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი იყო მალხაზ კობაური მიერ,” – განაცხადა პროკურორმა.

საბოლოო სხდომა 27 მარტს გაიმართება, სადაც მოსამართლე სასჯელის საბოლოო ვადას განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ლორა და რაიან სმიტები 4 წლის შვილთან ერთად გასული წლის ივლისში ხადას ხეობაში გარდაცვლილები ნახეს. მკვლელობის საქმეზე კი 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა) წარუდგინეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი ლორა სმიტზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის მუხლითაც დაუმძიმდა.

დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები