ნატოს ჯარებიც რომ შემოვიდეს, აქციებს არ შევწყვეტთ კაშია ბოდიშს თუ არ მოიხდის – “ქართული მარში”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ თბილისის დინამოს სტადიონზე დღეისთვის დაგეგმილ აქციას არ გააუქმებს, თუნდაც ეს უეფამ მოითხოვოს და ნატოს ჯარებიც შემოვიდნენ, სანამ თავად საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშია არ მოიხდის ბოდიშს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებისთვის.

​როგორც კონსტანტინე მორგოშიამმედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული მარშის” ლიდერებმა კაშიას წერილობით გუშინ, კიდევ ერთხელ შესათავაზეს საზოგადოების იმ ნაწილისთვის ბოდიშის მოხდა, ვისი რელიგიური გრძნობებიც შეურაცხყო მან საკუთარი ქმედებით, თუმცა, ამ დრომდე მისგან პასუხი არ მიუღიათ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ კაშია ბოდიშს მოიხდის, თუნდაც ეს მან სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთოს, 9 სექტემბრისთვის დაგეგმილ პერფომანსს “ქართული მარში” გააუქმებს.

“კიდევ ერთხელ შევთავაზეთ გუშინ გურამ კაშიას, მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია და ვადასტურებთ რომ ყველასია, მაშინ იმ ხალხისთვის, ვისთვისაც მიუღებელია გურამ კაშიას საქციელი, ბოდიში მოიხადოს. თუ ჩვენი პოზიცია მიუღებელია ლგბტ თემისთვის და ამას აღიქვამენ ჰომოფობიურ განცხადებად, ჩვენთვის მათი აქტივობაა მიუღებელი. კაშიას ვერ შევაცვლევინებთ პოზიციას, ეს მისი არჩევანია. ჩვენ მხოლოდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ. კაშია თუ ბოდიშს მოიხდის ჩვენ მოცლილები და მარგინალები არ ვართ, მოიხსნება ყველაფერი. 21-მდე ორგანიზაციაა ჩართული ჩვენს პერფომანსებში“, – აცხადებს კონსტანტინე მორგოშია.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის ფეხბურთის მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე ის პოლიციამ დააკავოს, ამიტომ “ქართული მარშის” მიერ დაგეგმილი აქციის დეტალებზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებს. აცხადებს, რომ სტადიონზე 17-16 სექტორში იქნებიან მათი აქტივისტები განლაგებულნი, ხოლო სტადიონის გარეთ, მათი მხრიდან აქცია არ იგეგმება.

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით ლგბტ თემის მხარდამჭერი 300-მდე აქტივისტი და ლგბტ სამკლაურებია გამზადებული, რომლებიც გურამის მხარდასაჭერად მიდიან დღეს სტადიონზე. ეს არის უბრალოდ პროვოკაცია. თუ ფეხბურთი ყველასია, მათ შორის, ჩვენიც არის და ნაკრების ვიცეკაპიტანი ვალდებულია ყველას გაუწიოს ანგარიში. თუ ეს ამ ნაბიჯს არ გადადგამს, მის ქმედებას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად შევაფასებთ, რომ ქსოვილის ეს ნაგლეჯი არ არის მხოლოდ მხარდაჭერის გამომხატველი. ლგბტ სამკლაური ბევრმა ცნობილმა კაპიტანმა არ გაიკეთა. ვინც არ გაიკეთა, კაშიაზე  ნაკლები ფეხბურთელები არ არიან”, – აცხადებს მორგოშია.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას.

მსგავსი თემები