გვიპასუხონ, საიდან ფინანსდება ნარკოტიკების პოპულარიზაცია?! – დიმიტრი ხუნდაძე სპეცოპერაციაზე

 

საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, თბილისში ჩატარებულ ანტინარკოტიკულ სპეცოპერაციას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მასობრივი პოპულარიზაცია მიმდინარეობს და ნარკოტიკების მოხმარებამ უკონტროლო სახე მიიღო. იყო ზედოზირებისა და გარდაცვალების შემთხვევები, შესაბამისად სამართალდამცველების მხრიდან ჩარევა აუცილებელი იყო.

დეპუტატის სრულ მხარდაჭერას უცხადებს შსს-ს და მიაჩნია, რომ მსგავსი აქტიური ქმედებები უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო. ასევე, შესასწავლია საიდან ფინანსდება ბოლო პერიოდში ნარკოტიკების პროპაგანდა.

“ფაქტია, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს პოპულარიზაციის გზით. ჩვენ თითქოს ვითხოვთ ევროპულ დეკრიმინალიზაციას, მაგრამ გვინდა, ადგილობრივი, აქაური უწესრიგობა და თავნებობა. სად გინახავთ მსგავსი რამ, სპეცოპერაციას, რომელიც ლეგიტიმურია, აქვს სასმართლო გადაწყვეტილება, აქვს მტკიცებულებები, ფაქტები, ოპერაციას ატარებს ძალოვანი სტრუქტურები და საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი, რომელსაც არ ვიცი რა ინტერესები აქვს, ხელს უშლიდეს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. ​


​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” დეპუტატმა განუცხადა, აქტიურად ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე პროცესებს და მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა, სპეცოპერაციის ჩატარების საჭიროება არ დამდგარიყო, თუმცა, ამაში სიახლე არაფერია, რადგან მსგავს სპეცოპერაციებს სამართალდამცველები ატარებენ ესპანეთშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

დეპუტატი სახელმწიფოს 2 ძირითად ვალდებულებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ კლუბურ ცხოვრებას არავინ ებრძვის, თუმცა ნარკოტიკების გამსაღებლებს, სახელმწიფომ დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოუცხადოს კლუბშიც და მის გარეთაც.

“არ შეიძლება, მუდმივად, ერთი და იგივე ჯგუფი იყოს დაკავებული პოლიციელთა დისკრედიტაციითა და ხელის შეშლით, როცა ისინი ვალდებულები არიან ქვეყნის და უსაფრთხოების ინტერესები დაიცვან. სახელმწიფოს აქვს 2 ძირითადი ვალდებულება – აწარმოოს მძლავრი ანტინარკოტიკული პოლიტიკა და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს გამსაღებლებს. თუ ევროპული სტანდარტი გვინდა, ევროპული სტანდარტი უნდა იყოს ყველგან და ყველაფერში და არა იქ, სადაც  მხოლოდ ჩვენი ვიწრო ინტერესიაა. კლუბურ ცხოვრებას არავინ ებრძვის, ჩვენ ვებრძვით კლუბურ და არა მხოლოდ კლუბურ ნარკოტიკებს. კლუბები უნდა იყოს, მაგრამ ნარკოტიკების გარეშე”, – აცხადებს ხუნდაძე.

მისივე თქმით, დაუშვებელია ქვეყანაში იმდაგვარი ტურიზმის განვითარება, რაც ნარკოტიკებზე დაფუძნებული იქნება, რადგან ნარკოტიკების ფონზე განვთარებული ტურიზმი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დიდი საშიშროების შემცველია.
“არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი, არა არსებობს ნაკლები და მცირე ზიანის მომტანი ნარკოტიკი, ყველა ნარკოტიკი მკვლელია“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მსგავსი თემები