ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს დიმიტრი ხუნდაძეც ემიჯნება

 

ნარკოპოლიტიკის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს, კატეგორიულად ემიჯნება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე და პროექტის არსებული ვარიანტისთვის მწვანე ღილაკის ანთებას არა პირებს.

როგორც “მთავარს” თავად დეპუტატმა განუცხადა, მისთვის მიუღებელია, ნარკოტიკების გავრცელება 300-ლარიანი ჯარიმით ისჯებოდეს; ასევე, მიუღებელია დოზები – თითქოს, სუბოტექსის თერაპიული დოზა არის ერთი აბი და თუ მომხმარებელს ერთი აბი ექნება ჯიბეში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.

მისთვის ასევე, მიუღებელია კანონპროექტში არსებული მუხლი, რომელიც ნარკომომხმარებლის 200 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, თუ ის ნარკოტიკს არასრულწლოვანთან ერთად მოიხმარს.

„ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ, ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელება  დაუშვებელია. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რა ფორმითაც ის არის წარმოდგენილი, კატეგორიულად მიუღებელია და თუ სესიაზე უცვლელი სახით გავა, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები”, – აცხადებს ხუნდაძე.

დეპუტატის აზრით, ამდაგვარი სამართლებრივი რეგულაციები ნარკომანიის აფეთქებას გამოიწვევს.

აღნიშნულ კანონპროექტს „კონსერვატორებიც“ გაემიჯნენ და აცხადებენ, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

 

მსგავსი თემები