ნაგავი გაიტანეს, სამშენებლო ნარჩენები კი თვეზე მეტია, ადგილზე ყრია (ვიდეო)  

სამშენებლო ნარჩენების ნაგვის ბუნკერებთან ან სხვა ადგილებში გადაყრა კანონმდებლობით დასჯადია, თუმცა, ქალაქში მსგავსი შემთხვევები არაერთია. მიუხედავად იმისა, რომ  ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით, თბილისში, მიხეილ ჭიაურელის ქუჩაზე, თვეებია სამშენებლო ნარჩენები ყრია. მის გატანას არც არავინ ფიქრობს, პირიქით, ნარჩენებს ნარჩენები ემატება.

ვიდეომასალა „მედიაცენტრ მთავარმა“ დღეს გადაიღო. ვიდეოში კარგად ჩანს მდგომარეობა დასუფთავების მანქანის მოსვლამდე და მოსვლის შემდეგ. დასუფთავების სამსახურმა საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩვეულებრივ გაიტანა, სამშენებლო ნარჩენები კი ადგილზე დატოვა, რადგან, მისი გატანა მათ ფუნქციებში არ შედის.

სამშენებლო  ნარჩენები, რაც ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, თვეზე მეტია, აქ ყრია. უფრო მეტიც, ნარჩენების მოცულობა იზრდება.         

დაჯარიმება და კონტროლი კი “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში შედის.

კანონმდებლობით, ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1500 ლარით.  დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება.

მსგავსი თემები