მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები პატიმრობის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძველი საქალაქო სასამართლოს არ ჰქონია.

„კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრდა დაცვის მხარის მხრიდან ქალბატონი მარიანა ჩოლოიანის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილება. აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაცვის მხარე შეფარდებული ღონისძიების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს სადავოდ ხდის. შესაბამისად, დაცვის მხარემ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში, საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, გავასაჩივრეთ ზემდგომ ინსტანციაში. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ პატიმრობა გაუქმდეს, ვინაიდან ამგვარი უმკაცრესი ღონისძიების გამოყენების საფუძველი არ ჰქონდა. გვაქვს საფუძველი, იმედი და განწყობა, რომ ზემდგომი ინსტანცია სამართლიანობას აღადგენს. მას შემდეგ, რაც აპელაციაში გადაიგზავნება საქმე, 72 საათის განმავლობაში მთლიანობაში უნდა მოხერხდეს და საქმეზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარიანა ჩოლოიანი კლინიკიდან რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს.

ცნობისთვის, 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

მსგავსი თემები