“მისი ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება” – დღეს არჩილ ტატუნაშილი 37 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშილი დღეს 37 წელი გახდებოდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს ჩვენი დროის გმირი არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა. იგი საქართველოს ერთიანობის რწმენისთვის და ერთგულებისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს. მისი ვაჟკაცობა და თავგანწირვა ქართველ ხალხს არასოდეს დაავიწყდება.

მისი გმირობა ყველა ჩვენგანისთვის არის მაგალითი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ვემსახუროთ და ვუერთგულოთ საქართველოს, მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას. დიდება გმირებს!“,- წერს გიორგი გახარია.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა ჩაატარა და დასკვნა მოამზადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში პატიმრობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში ტატუნაშვილის სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევსა  და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.  ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა გამოაცხადა.

მსგავსი თემები