“მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო კონსტიტუციაში პროპოციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო კონსტიტუციაში პროპოციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა. 

„არც უნდა შევადაროთ ჩვენი მოქმედებები იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გულმხურვალედ გამოდიან, გულზე მჯიღს ირტყამენ და თავის დროზე, ზოგი თვითმფრინავის ხმაზე გარბოდა, ზოგი „წითელ ხიდზე“ გარბოდა და ზოგი საკუთარ მოქალაქეებზე გადაფარების ნაცვლად, ცდილობდა თავისი თავი და ოჯახი გაერიდებინა ამ ქვეყანას. მე შეიძლება ყველაზე არ მქონდეს ამის თქმის უფლება და აღარ გავაგრძელებ მათ ნამოქმედარზე საუბარს. თუ კონსტიტუციაზეა საუბარი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვერავინ შეძლო კონსტიტუციის შეცვლა და მასში პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაწერა. ეს გავაკეთეთ ჩვენ,“ – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლებას ისეთ პროვოკაციულ მოთხოვნებს უყენებს, რომლის თეორიულ გათვალისწინების შანსიც არ არს. მდინარაძემ ამის მაგალითად ოპოზიციის მიერ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარების მოთხოვნა მოიყვანა.

„შეიძლება ცუდიც იყოს, რომ რაღაც კონკრეტული საკითხი ისე ვერ გადაწყდა, როგორც ეს დააანონსა მმართველმა გუნდმა, უნდა ვიყოთ რეალისტურები, ობიექტურები და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამ პოლიტიკური პროცესის გადატანა და ამასთან დაკავშირებული იმგვარი სპეკულაციები, რაც გვესმის, არის ყოველად წარმოუდგენელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაგალითად გვთავაზობენ ისეთ რამეს, რასაც ჩიხში შეჰყავს პროცესები. შეგნებულად და პროვოკაციულად აყენებენ ისეთ მოთხოვნას, რომ მისი თეორიული გათვალისწინების შანსიც კი არ იყოს. მაგალითად, გერმანულ მოდელზეა საუბარი და ისინი გვიმტკიცებენ, რომ 150 უდრის 77-ს, გვიმტკიცებენ, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც ათწლეულებია მოქმედებს საქართველოში და თურმე შეგვძლებია ამ მოდელით ჩაგვეტარებინა არჩევნები და არ გვცოდნია. საკუთარი მოქალაქეების და იმ ადამიანების, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ პარლამეტის გადაწყვეტილებას, ასე სპეკულაციურად მოტყუება არ მგონია სწორი იყოს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები