“მხოლოდ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ გაიტანს, დასჭრიდება ოპოზიციის ხმები”- თამარ ჩუგოშვილი

„მხოლოდ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებას ვერ გაიტანს, ამისთვის მას დასჭირდება საპარლამენტო ოპოზიციის ხმები”, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, დეპუტატთა ნაწილს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ქვეყნისთვის საჭიროა და აუცილებელია.

“ეს არის ძალიან მარტივი მათემატიკა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება 113-ზე მეტი ხმა და „ქართულ ოცნებას“ ამ ეტაპზე აქვს დაახლოებით 106 ხმა. მე ვერ გამოვრიცხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და თქვენთვის ეს სიახლე არ არის. არსებობენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებისთვისაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არის საჭირო, სწორი და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი. შესაბამისად, ვერავინ აიძულებს ადამიანს, რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ ხმა მისცეს რაიმე“,-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

როგორც ვიცე-სპიკერი ამბობს, საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსულტაციების საკითხზე ყველა პარტიაა მიწვეული.

“ყველა პოლიტიკური ძალა გვყავს მოწვეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში აღნიშნა და ეს არის შეჯერებული პოზიცია პოლიტიკური პარტიის, რომ ინდივიდებთან, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისაკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზციური ძალა ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მათ თუ აქვთ სურვილი ამ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის ამის პრობლემა არ ექნებათ. თუ არ ექნებათ მოსვლის და საუბრის სურვილი, არც ეს იქნება პრობლემა, ეს მათი არჩევანი იქნება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ხვალ, 1-ელ ივლისს, “ქართული ოცნება” “საკონსტიტუციო ინიციატივა – “პროპორციული არჩევნები 2020″-ის პრეზენტაცია გაიმართება.  

მსგავსი თემები