„მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა” – რას გულისხმობს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა?

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმა – „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ აამოქმედა.

რეფორმის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჩართული იქნებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იღებენ ვალდებულებას, ბენეფიციარებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.

“გათანაბრდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფები ყველა კლინიკაში; ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული, ევროპულ სტანდარტების სისტემა, რომელიც დაწესებულებებს აყენებს თანაბარ პირობებში, უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხის მართვას; გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის მიმართულება; დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს ეხება საქართველოს მედიცინისთვის სრულიად ახალ მიმართულებას – ტელემედიცინაზე დაყრდნობილი პირველადი ჯანდაცვის აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც მარტივად, უმოკლეს დროში არის შესაძლებელი სამედიცინო კვლევის ჩატარება და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. სპეციალური ვიდეო ზარის პროგრამის საშუალებით, ექიმ-სპეციალისტს შეუძლია ოჯახის ექიმთან ვიზიტზე მყოფი პაციენტის კონსულტირება და დიაგნოსტიკა; დაგეგმილია პრევენციული სერვისების გაძლიერება, ოჯახისა და სოფლის ექიმების როლისა და დატვირთვის გაზრდა, ოჯახის ექიმთან ვიზიტის და გეგმიური სამედიცინო შემოწმების კულტურის განვითარება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს 400-მდე ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 2024 წლისთვის ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით სრულად აღჭურვილი 831 ამბულატორია იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაძლიერდება სამედიცინო განათლების მხარდაჭერა, გაუმჯობესდება სახელმწიფო დაფინანსება, გაძლიერდება წარჩინებული სტუდენტების წახალისება, ხელი შეეწყობა პრიორიტეტულ დარგებს და გაძლიერდება სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკები.

უწყების ცნობით, შემუშავდება მედიკამენტებთან დაკავშირებული პოლიტიკა. კერძოდ, დაიწყება მუშაობა ფასების რეგულირებაზე, გაძლიერდება პოლიფარმაციის კონტროლი და ორიენტირება მოხდება მედიკამენტების ხარისხზე.

მსგავსი თემები