„მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“  –  შოთაძე პარლამენტის სკანდალზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი  პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა დაიწყო. ეს კი მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა – ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომა დატოვეს.

სხდომათა დარბაზში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით შეფასება თავად ირაკლი შოთაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ადამიანს მხოლოდ აღზრდა არ შველის, რომ სათანადოდ მოიქცეს.

„ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავისი კრიტიკული პოზიცია. ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით მე დავრჩი შეურაცხყოფილი ძალიან მწარედ ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებებით შეურაცხყოფილები მსგავსი ქმედებების ჩამდენი ადამიანები რჩებიან. ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. ნათქვამია – მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა“  – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, დაპირისპირების გამო მოგვიანებით დაიწყო. ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით გამოცხადდნენ და სხვადასხვა შეძახილებით კომიტეტის სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.

სხდომის დაწყებამდე კი ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ის საკუთარი პროგრამის წარსადგენადაა მისული და არა დაპირისპირებისთვის.

„მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული. ვაპირებ საუბარს კომიტეტთან იმ მიმართულებებზე, იმ ხედვაზე, რაც მე გამაჩნია პროკურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე. ასევე, ვაპირებ გავცე კომიტეტის ყველა კითხვას პასუხი“ – განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები