მხარდაჭერა მივიღეთ, დაველოდოთ რეალურ ქმედებებს – პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

“საფრანგეთმა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადავა ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში. საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი ძლიერი მხარდამჭერი პოზიცია რამდენიმე წლის წინ საფრანგეთისაგან არ გამიგია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გერმანიაში ვიზიტს რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განვითარებაც მთლიანად ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული.

“თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა – ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც”, -აღნიშნა პრეზიდენტმა.

17 -21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა  და ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, ორივე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან. ასევე, ორივე ქვეყანაში შეხვდა ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს. 

მსგავსი თემები