მძიმე დანაშაულებმა იკლო, თუმცა არასრულწლოვანების მხრიდან ქურდობამ მოიმატა – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია NDI -ის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში იკლო მძიმე დანაშაულმა, თუმცა მომატებულია არასწრულწლოვნების მხრიდან წვრილმანი ქურდობის ფაქტები, მაღაზიების, ავტომობილების გაქურდვა. 

​როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ზედმიწევნით ზუსტად აწვდის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ციფრებს არ მალავენ. 

“არავინ აღარაფერს არ მალავს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან. ჩემი ინფორმაციით მძიმე დანაშაულებმა იკლო, გახსნილი დანაშაულებების ძალიან მაღალი პროცენტი გვაქვს, მაგრამ მოიმატა  ოჯახურმა ძალადობის ფაქტებმა, ასევე ქურდობამ მაღაზიებში და ავტომობილების განზრახ დაზიანების ფაქტებმა, რასაც ხშირ შემთხვევაში 14-15 წლის არასრულწლოვანები ჩადიან. მათ ბუნებრივია იცავს კანონი და ხელს ვერ მოჰკიდებენ. მათ ეს კარგად იციან. აქ კარგად არის დასაფიქრებელი, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ საზოგადოებასთან ერთად. ამას სოციალური პირობები განაპირობებს. აქ აუცილებელია, რომ რაღაც პროგრამა შემუშავდეს, რომ ეს დანაშაულებები შეკავდეს. ნულოვანმა ტოლერანტობამ ბევრი ახალგაზრდა შეიწირა და ბევრი დეპუტატი მოგვიწოდებს ამისკენ, მაგრამ მე მგონია და უნდა დავფიქრდეთ და ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ არა ისეთი რომ ყველანი ციხეში გავუშვათ”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია.​​

NDI-ის ბოლო კვლევების თანახმად, რომელიც 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა, გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის. 

რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა. ამ 5%-ის უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით. 

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.

მსგავსი თემები