მცხეთის ჯვრის მონასტერი გარემოვაჭრეების პრობლემის გამო დაიკეტა

ქალაქ მცხეთის ჯვრის მონასტრის კარიბჭე მომლოცველებსა და უცხოელ ტურისტებს დღეს, დაკეტილი დახვდათ. პრობლემა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს უკავშირდება.

როგორც მონასტრის ბერები აცხადებენ, წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა გარემოვაჭრეების პრობლემასთან დაკავშირებით ქალაქის მერიას განცხადებით მიმართა. თავად მოვაჭრეებსაც არაერთხელ სთხოვა ტერიტორიიდან გასვლა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

ქალაქ მცხეთის მერიაში აცხადებენ, რომ ვერ ჩაერევიან მონასტრის საქმეში და წინამძღვარს ვერ მიუთითებენ როდის გახსნას კარიბჭე და როდის დაკეტოს.   

გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ მამა კონსტანტინეს ფინანსური ინტერესები ამოძრავებს და სურს მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობიდან შემოსავალი მიიღოს.      

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა. მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები, სავარაუდოდ, აღარ დაიშვებიან.

„როგორც ვიცი, მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი სწორედ გარემოვაჭრეებია. იქ არის ძალიან მოუწესრიგებელი მდგომარეობა, დახლები, რომელიც ამახინჯებს და ქმნის მონასტრისათვის შეუსაბამო გარემოს. გარემოვაჭრეების ასეთი სიმრავლე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მონასტრისთვის. უნდა მოწესრიგდეს მდგომარეობა”, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე ინფორმაციით, ჯვრის მონასტერს სხვადასხვა რანგის სტუმრები სტუმრობენ. დიდია ტურისტების მხრიდან ინტერესიც. შესაბამისად, საპატრიარქოში ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ წინამძღვარმა გარემოს მოწესრიგებას ითხოვდეს“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები