„მცხეთის მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას მორატორიუმი იწვევს“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ჯვრის მონასტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მცხეთის მორატორიუმს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს და ყველა სხვა საკითხიც მცხეთაში ვერ მოგვარდება მანამ, სანამ მორატორიუმის საკითხი სწორად არ გადაწყდება.

„რამდენი წელია, ამ თემაზე ვსაუბრობთ. მოსახლეობაც და ეკლესიაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს მცხეთას არა აქვს. სწორედ მორატორიუმია ის ძირითადი საკითხი, რაც მცხეთის მოსახლეობასა და სასულიერო პირებს შორის იწვევს დაპირისპირებას. ჯვრის მონასტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც ამის შედეგია. მოსახლეობაც და სასულიერო პირებიც იმ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს დაემორჩილება, რაც ხელისუფლებამ მორატორიუმით უნდა განუსაზღვროს. კონფლიქტის მიზეზიც სწორედ დაუდგენელი წესებია. რაც შეეხება კონკრეტულად ჯვრის მონასტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მონასტრის დაკეტვით, სიმართლე გითხრათ, გაოგნებული დავრჩი. მესმის სასულიერო პირების მოთხოვნა, თუმცა, ასევე მესმის ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობაც. მძიმე სოციალურ პირობებში მცირე შემოსავლების მისაღებად მოქალაქეები გარეთ დგანან სიცხესა თუ სიცივეში. მე მსგავსი ვაჭრობა მინახავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ქრისტიანული ტაძრების წინ. რაც შეეხება ფორმას და იერსახეს, ამაში ვთანხმდებით, რომ ეს უნდა იყოს შესაბამისად მოწესრიგებული. მცხეთის მუნიციპალიტეტმა ერთი წლის წინ დაამზადა ერთნაირი ხის ფარდულები პრობლემის დროებითი მოგვარებისთვის, თუმცა, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა ამის ნება არ მისცა მიუხედავად იმისა, რომ ეს მონასტრის ტერიტორიაზე არ იდგმებოდა“ – აცხადებს დელუტატი.

დიმიტრი ხუნდაძე საკითხის მოგვარებას მორატორიუმის მოხსნასა და ქალაქის განვიტარებაში ხედავს: „ვფიქრობ, პრობლემა სანამ კიდევ უფრო გაღრმავდება და სხვა საკითხებშიც იჩენს თავს, სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს და მცხეთას უნდა ჰქონდეს მორატორიუმით განსაზღვრული წესები, რითაც არ დაირღვევა კულტურული ძეგლის სტატუსი და ადგილობრივ მოსახლეობასაც მიეცემა ცხოვრების და განვითარების საშუალება“.

მსგავსი თემები