მცხეთის გენგეგმაზე დარგობრივი სპეციალისტების ჯგუფი იმუშავებს

ისტორიული ქალაქ მცხეთის ქაოსური განაშენიანებისგან დასაცავად ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია შემუშავდება. გენგეგმას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ამხანაგობა “აქოლისი” შექმნის. ის დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ჯგუფს აერთიანებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, უსისტემო და ქაოსური ქალაქგანვითარების თავიდან ასაცილებლად, UNESCO -სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, ქალაქს ისტორიულ – კულტურულ ღირებულებას შეუნარჩუნებს და მეორე მხრივ, მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და განვითარებას უზრუნველყოფს.

მათივე თქმით, UNESCO -ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების – ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. 

მცხეთის სივრცით – ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.
სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 1 800 000 ლარს შეადგენს. 

მსგავსი თემები