მცხეთა-მთიანეთი საძოვრების რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაში ერთვება

საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ პროექტის კონცეფციის შემუშავება და საპილოტე ადგილების შერჩევა იწყება.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მცხეთა-მთიანეთი საპილოტე პროგრამის ერთ-ერთ მონაწილედ განისაზღვრა.

მხარის გუბერნატორმა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებსა და პროექტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.

პროექტი სამ ძირითად კომპონენტს ეფუძნება, რაც გულისხმობს – ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, საპილოტე პროგრამის განსახორციელებლად ალტერნატიული საძოვრის შერჩევას და შერჩეული ტერიტორიის რეაბილიტაციას, ფერმერების ცოდნის გაღრმავებას და ცნობიერების ამაღლებას.

საძოვრის ტერიტორიის შერჩევის შემდეგ, საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყება, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პილოტი გაამართლებს, პროექტი რეგიონის მასშტაბით გაფართოვდება.

„საძოვრების აღდგენა ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობის კიდევ უფრო განვითარებას მცხეთა-მთიანეთში, რაც, რეგიონის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი გარანტიაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრამის დანერგვას და შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურად ჩავერთვებით მის წარმატებით განხორციელებაში“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მსგავსი თემები