მცხეთა-მთიანეთის რეგიონს რამდენიმე ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი შეემატა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მუხრანში, ახალი აშენებული საბავშვო ბაღის, ხოლო გორანაში დაწყებითი სკოლის შენობები გაიხსნა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლას დაბა სტეფანწმინდაში და სოფელ საყდრიონის ბაგა-ბაღის შენობებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განუცხადეს, მუხრანის საბავშვო ბაღი 6, ხოლო საყდრიონი 2 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. შენობები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია ცენტრალური გათბობის სისტემა, მოწესრიგებულია სველი წერტილები. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეების ნაკადს მიიღებს დაბა სტეფანწმინდისა და გორანას საჯარო სკოლებიც. სკოლები ინფრასტრუქტურულად კეთილმოწყობილი და სასწავლო გარემოსთან ადაპტირებულია.

შენობების მდგომარეობას, მათი ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხებსა და არსებულ საჭიროებებს გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნო.

„განათლების ხელშეწყობა ჩვენს პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი სასწავლო პირობების შექმნა. სასიხარულოა, რომ რეგიონს რამდენიმე თანამედროვე და კეთილმოწყობილი სკოლა და საბავშვო ბაღი შეემატა, რომლებიც ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ.

მსგავსი თემები