მცხეთაში მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე, გენგეგმის შემუშავებამდე გაგრძელდება

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO -ს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი ქალაქ მცხეთაში მანამდე გაგრძელდება, სანამ ქალაქს არ ექნება მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმა. შპს “სალი -2011”-ის მიერ, წლების წინ შემუშავებული დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა და თაროზე შემოდო. შესაბამისად ქალაქში მორატორიუმი დღემდე გრძელდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

როგორც მცხეთის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, რევაზ მამულაშვილმა, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შპს “სალი -2011”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იუნესკოშიც დაიწუნეს, დოკუმენტი არადამაკმაყოფილებლად და არაკვალიფიციურად შეაფასეს, რომელიც არ პასუხობს მთავარ კითხვას, – რა სჭირდება ქალაქს? 
 
“იუნესკო ამბობს, სანამ არ გექნებათ გენერალური გეგმა, რეკომენდებულია მორატორიუმი გაგრძელდეს. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, დისკრედიტებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მცხეთელებს განვითარების საშუალებას არ აძლევს. შესაბამისად, ქალაქში არსებული სოციალური ფონი ხელოვნურად მძიმდება. გენერალური გეგმა არ არის ამკრძალავი დოკუმენტი, ეს არის იუნესკოს რეკომენდაციაც. აღნიშნული გეგმით კი ფაქტობრივად გამოდიოდა რომ მაქსიმალური აკრძალვები იყო შემოღებული, როგორც მიწათსარგებლობაზე, ისე ქალაქის განვითარებაზე, გადაზიდვებზე, საგზაო მოძრაობაზე და ა.შ. დაგვპირდნენ, რომ ყველა ხარვეზი დოკუმენტზე მუშაობის მესამე ეტაპისთვის გამოსწორდებოდა, მაგრამ მანამდე პირველ და მეორე ეტაპზე წარმოდგენილი მასალა საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა. ამას დავთანხმდით, ვენდეთ, მივეცით ნდობის მანდატი, იმიტომ, რომ აქ იდგა უფრო დიდი მნიშვნელობის საკითხი, რომ მცხეთას უნდა ჰქონოდა გენერალური გეგმა. მათ ეს ნდობა ბოროტად გამოიყენეს. დამოუკიდებლად შეიმუშავეს დოკუმენტი და ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. მერიამ ჩაიბარა დოკუმენტი და შემოვიდა საკრებულოში განსახილველად, მაგრამ საკრებულოში დიდ წინააღმდეგობას წააწყდა”, – აცხადებს რევაზ მამულაშვილი. 

​მისივე განმარტებით, დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები, არ იძლევა ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარების რეალურ გეგმას, მთლიანად არის იგნორირებული თვითმმართველობა და იწვევს ქალაქის ურბანული განვითარების შეჩერებას. 

მისივე თქმით, ამ პროცესების პარალელურად მცხეთაში მორატორიუმი 3-ჯერ, გაგრძელდა. ამჯერად მისი ვადა 2019 წლის ბოლომდეა.

“გენგეგმა ძალიან მრავალპროფილური დოკუმენტია. მშენებლობისგან განსხვავებით აქ არის შემოქმედებითი სამუშაოა და გააჩნია თავისი ხედვები. გენგეგმაში ასახული კონცეპტუალური ხედვები ქალაქის ცხოვრებას უნდა ერგებოდეს. თავიდანვე შევიტანეთ შენიშვნა, რომ ეს არ წარმოადგენდა იმ ხედვას, რომელიც ქალაქს სჭირდებოდა. ​მცხეთის ისტორიული ძეგლები არის საპატრიარქოს საკუთრება. შესაბამისად გენგეგმის ხედვების ჩამოყალიბება უნდა განხორციელდეს საპატრიარქოს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაწილეობით. ამას ითვალისწინებს იუნესკო-საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულებაც, რაც “სალი -2011″ -ის მიერ მთიანად უგულვებელყოფილია”, – განაცხადა რევაზ მამულაშვილმა “მთავარში”.  

მსგავსი თემები