მუქარის შემცველი წერილი, მამუკა ხაზარაძემ შუამავლისგან მიიღო – პროკურორი

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მუქარის შემცველი წერილი, რომლის შესახებაც “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გუშინ, საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა, მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს არ შეიცავს და გამოძიებას ის, ელექტრონული ვერსიიდან ამონაბეჭდის სახით წარედგინა. ასევე, არ იკვეთება მტკიცებულება, რომ წერილი ნამდვილად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ არის შედგენილი და გაგზავნილი, როგორც ამას თავად ხაზარაძე ამტკიცებს. 

როგორც არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, გიორგი გახარია მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტარებს შეხვდეს და მათ ყველა კითხვას უპასუხოს.

“თავად გიორგი გახარია აცხადებს, რომ წერილებს არ წერს და სათქმელს ყველას პირში ეუბნება”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა. 

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე ჩვეულებრივი ნაბეჭდი ფურცელი წარმოადგინა, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

“ხაზარაძე ამბობს, რომ წერილი შუამავლისგან მიიღო. მისი შინაარსი არ ვიცით, რადგან ჯერჯერობით ჩვენთვის არ გადმოუციათ. მას შემდეგ რაც გავეცნობით წერილის შინაარსს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას განვახორციელებთ“, – განაცხადა პროკურორმა.

თავის მხრივ მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. “სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი,“ – განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს, გუშინ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. თუმცა მას წერილის შინაარსი არ გაუსაჯაროებია. 

 

მსგავსი თემები