„მუქარას მარიანა ჩოლოიანი იწყებდა, მან ლუკა დაკითხა როგორც კრიმინალი, გაბრაზდნენ რომ ვერ აალაპარაკეს“ – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

აწ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ძმა ბექა სირაძე“მედიაცენტრ მთავარში“ აცხადებს, რომ ლუკაზე ზეწოლას და მუქარას უშუალოდ საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ახორციელებდა. ბექა სირაძის განცხადებით, სწორედ ის იყო პირველი, ვინც ლუკაზე ძალადობა დაიწყო.

„მწვანე სკოლიდან“ ამოღებული კამერების ჩანაწერი ვნახე, რაც ტელევიზიით გავიდა. შეუძლებელია, იქიდან ვინმე ამოიცნო. უბრალოდ , ჩანს, რომ ადამიანი რაღაცას აკეთებს. ჯერჯერობით არავის იდენტიფიცირება არ მომხდარა და დედას ახალი ჩვენებაა საჭირო. ამ მომენტში, ყველამ იცის რა სიტუაციაც არის და ვერ ახერხებს დედა დაკითხვაზე მისვლას, თუმცა, ჩავნიშნეთ შეხვედრა და რამოდენიმე დღეში მოახერხებს დედა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მისვლას და კიდევ ერთი ჩვენების მიცემას“,  – განაცხადა 15 წლის გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ლუკაზე განხორციელებულ ზეწოლას, ბექა სირაძე აცხადებს, რომ ეს მარიანა  ჩოლოიანმა განახორციელა.

„მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც უშუალოდ იყო ჩემი ძმის საქმით დაკავებული. ის იყო პირველი ვინც, ემუქრებოდა ლუკას, თუ ბრალს არ აღიარებდა, მე შემექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები და ლუკას  ჩააყუდებდნენ. მან ლუკა დაკითხა როგორც კრიმინალი. ალბათ გაბრაზდნენ დანარჩენებიც, რომ 15 წლის ბავშვი 4 საათის განმავლობაში ვერ აალაპარაკეს და ვერ ათქმევინეს ის, რაც მათ უნდოდათ“, – განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ „მედიაცენტრ მთავარში“.

ბექა სირაძემ სხვა პოლიციელებზეც ისაუბრა, რომლებიც ლუკას დაკითხვის დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

„გარშემომყოფებიც ერთვებოდნენ პერიოდულად, როგორც ვიცი. კონკრეტულად, დედამ რაც მითხრა, ერთი ჩოლოიანი, კიდევ ის პიროვნება, რომელიც იქვე იჯდა და გაბრაზებულმა უყვირა და მესამე, კაბინეტიდან გამოსული პიროვნება. კაბინეტიდან ვინ გამოვიდა არ ვიცი. კონკრეტულად არ ვიცი, უფროსი იყო, მოადგილე თუ უბრალოდ თანამშრომელი. იმ სივრცეში იმყოფებოდა ბევრი პოლიციელი და მათ უფრო კარგად იციან, ვინ იყო ის პიროვნება.  დედა ვერ იხსენებს სახეებს მაგრამ შესაძლოა, თუ ნახავს ამოიცნოს“ – განაცხადა ბექა სირაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ სწორედ „იმ“ კაბინეტიდან გამოვიდა ბექა ატირებული და დანაშაულის აღიარება დაიწყო.

მისივე ინფორმაციით, ლუკა „იმ“ კაბინეტში დაახლოებით 5 წუთი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,   დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება  სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  

https://mcm.ge/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%93/
https://mcm.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-15-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93/

მსგავსი თემები