“მუნიციპალიტეტებს კვალიფიციური კადრები ესაჭიროება” – ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები დაასახელა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მუნიციპალიტეტების – ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის მერობის კანდიდატები წარადგინა. „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები იქნებიან: ზუგდიდში – გიორგი შენგელია; მარნეულში – ზაურ დარგალი; ზესტაფონში – გიორგი გოგლიჩიძე; ჭიათურაში – გივი მოდებაძე; ხულოში – ვახტანგ ბერიძე.

მერობის კანდიდატები „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტების წინსვლას და მოსახლეობის სათანადო მომსახურებით უზრუნველყოფას კვალიფიციური კადრები ესაჭიროება, სწორედ ამ პრინციპით და აქედან გამომდინარე შეირჩა მერობის კანდიდატები.

“რეგიონების განვითარებას, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვჯერა კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვართ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ადამიანებს საუკეთესოდ ესმით ზუგდიდის, ზესტაფონის, ჭიათურის, ხულოს და მარნეულის საჭიროებები და შესწევთ უნარი, წარმატებით იზრუნონ ადგილობრივ მოსახლეობაზე, ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაისში მუნიციპალიტეტების მერების არჩევნები ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში ტარდება.

მსგავსი თემები