მტკიცედ გადავწყვიტეთ, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დავაგვირგვინოთ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

​მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების დაყოფა, რასაც თან ერთვის რუსეთის არადემოკრატიული მმართველობის დამყარება, საფრთხეს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებს. დღეისთვის საქართველოს, ამ ტერიტორიებიდან 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ჰყავს, რომელთა უფლება, დაბრუნდნენ საკუთარ სახლში, მუდმივად და უხეშად ირღვევა რუსეთის უკანონო ოკუპაციით. ბავშვებს წართმეული აქვთ უფლება მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მოსახლეობას მკაცრად ეზღუდება თავისუფლად გადაადგილება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ნათელმა თუ ფარულმა მხარდაჭერამ საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალება გამოიწვია. მათ შორის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ცხინვალის ციხეში, რაც, ასევე დაუსჯელი დარჩა.  

„ჩვენ პროცესის ყველა  მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, არ შეუქმნან დაბრკოლებები მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ობიექტურ გამოძიებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა გამარჯვებით დააგვირგვინოს და რუსეთის ფედერაციის ქმედებების მიუხედავად, საქართველო პრაგმატული პოლიტიკის სტრატეგიის ერთგული რჩება.

მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთი არ ასრულებს იმ პირობას, რომელიც აფხაზ და ოს ხალხს მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში გამოუვალი მდგომარეობის განცდა სულ უფრო იზრდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტები, ასევე უსაფრთხოება, რათა დაარწმუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზი და ოსი მოქალაქეები, რომ საქართველო ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოა, სადაც მათ განვითარება და კეთილდღეობის მიღწევა შეეძლებათ.

„ გვწამს, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებას დავიბრუნებთ. მომხრე ვართ რუსეთთან კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების. საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მხოლოდ მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები