„მტკიცებულება იმის, რომ კალანდიამ ჩაიდინა სალარიძის მკვლელობა არც პირდაპირი და არც ირიბი საქმეში არ არსებობს“- ადვოკატი

მიხეილ კალანდიას ადვოკატი დავით თოდუა კალანდიას დაკავებას პოლიტიკური დაკვეთის პროდუქტს უწოდებს. თოდუა იმ ჩვენებებზე საუბრობს, რომელიც საქმეში ფიგურირებს. მისივე განმარტებით მარსაგიშვილმა კანონის მიღმა იმოქმედა.

„არსებობს სამი ჩვენება, ჯანაშიას მიცემული, რომლის საფუძველზე მან საპროცესო შეთანხმება მიიღო, მეორე ბარბაქაძის ჩვენება , რომელიც ცდილობდა საპროცესო შეთანხმება მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო, რადგან დადუნაშვილის ოჯახმა პრინციპული პოზიცია დაიჭირა და მესამე მენაბდის, რომლის მიმართაც უამრავი კითხვა უნდა არსებობდეს. თანაბრალდებული, რომელმაც გააკეთა გათქმა და მიიღო თავის სასარგებლო სამართლებრივი მდგომარეობა ვერ იქნება მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენის სახით. თუ მარსაგიშვილმა ეს გააკეთა ყულბში აქვს თავი და თუ ესეც არ გაითვალისწინა და ისე მიიღო გადაწყვეტილება უფრო უარესია მისთვის“ -განაცხადა დავით თოდუამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატი მირზა სუბელიანის თემასაც გამოეხმაურა და თვლის, რომ მიხეილ კალანდია მხარეებს შორის პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლია:

„ჩვენმა ზოგიერთმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტეს გაუბედურებული ადამიანის მხარზე პოლიტიკური დივიდენდების აგორება, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ აქ იმიტომ არ ხდება ზოგიერთი საკითხი, რომ ამ ბავშვის უკან არის მირზა სუბელიანი, რომელსაც გააჩნია ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მოდი ეს გამოვიყენოთო, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რომ მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები. ამან იმუშავა ყველაზე მეტად“,- განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები