მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ფულადი გზავნილების მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

“პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელია ფულადი გზავნილების გლობალური ვარდნა დაახლოებით 20 პროცენტით ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და იზოლაციის გამო”, – ინფორმაციას საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული სავარაუდო კლება განპირობებული იქნება ძირითადად მიგრანტი მშრომელების ხელფასებისა და დასაქმების შემცირებით.

„ფულადი გზავნილები დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მიმართულებით (LMICs) სავარაუდოდ შემცირდება 19.7 პროცენტით 445 მილიარდ აშშ დოლარამდე, რაც ბევრი დაუცველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური საარსებო წყაროს დაკარგვას ნიშნავს“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კვლევები მიუთითებს, რომ ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სიღარიბეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, აუმჯობესებს კვების ხარისხსთან დაკავშირებულ საკითხებს, უკავშირდება განათლებაზე დანახარჯების ზრდას და ამცირებს ბავშვის შრომას არაუზრუნველყოფილ შინამეურნეობებში. ფულადი გზავნილების კლება გავლენას მოახდენს ოჯახების უნარზე აღნიშნული მიმართულებებით ხარჯების გაწევის თვალსაზრისით, რადგან მათი ფინანსები დაიხარჯება საკვების არქონის პრობლემის გადაწყვეტასა და გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

„ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს განვითარებადი ქვეყნებისთვის. ახალი კორონავირუსით გამოწვეული მიმდინარე ეკონომიკური რეცესია უარყოფითად მოქმედებს შინ ფულის გაგზავნის შესაძლებლობაზე და კიდევ უფრო ახანგრძლივებს განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის აღდგენისთვის საჭირო დროს. ფულადი გზავნილები ოჯახებს ეხმარება სურსათზე, ჯანდაცვაზე წვდომაში და ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. რამდენადაც მსოფლიო ბანკის ჯგუფი ახორციელებს სწრაფ და ფართო ღონისძიებებს ქვეყნების მხარდასაჭერად, ჩვენ ვმუშაობთ ფულადი გზავნილების არხების ფუნქციონირების შესანარჩუნებლად და უღარიბესი ფენებისთვის ძირითად საჭიროებებზე წვდომის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი დევიდ მალპასი.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების ნაკადების ვარდნა მოსალოდნელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყველა რეგიონში, განსაკუთრებით ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (27.5 პროცენტი), საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში (23.1 პროცენტი), სამხრეთ აზიაში (22.1 პროცენტი), ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში (19.6 პროცენტი), ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებში (19.3 პროცენტი), ასევე აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (13 პროცენტი).

„უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს გზავნილების ფართომასშტაბიან კლებას ადგილი ექნება მას შემდეგ, რაც დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 2019 წელს გზავნილების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს – 554 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ვარდნის პირობებშიც კი, გზავნილების, როგორც გარე დაფინანსების წყაროს მნიშვნელობა სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასშტაბური შემცირების პირობებში (35 პროცენტზე მეტი). მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს ფულადი გზავნილების დონე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში 5.6 პროცენტით, 470 მლრდ. აშშ დოლარამდე მოიმატებს“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოში 2016 წლიდან მოყოლებული ფულადი გზავნილების შემოდინება იზრდებოდა და უკანასკნელ წლებში მშპ-ის 10 პროცენტს გადააჭარბა, სადაც აღინიშნებოდა გზავნილების შედარებით მძლავრი ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან და ისრაელიდან.

„უცხოეთიდან მიღებული გადარიცხვები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. შინამეურნეობების 20 პროცენტი აღნიშნავს, რომ 2019 წელს ფულად შემოსავალს უცხოეთში მცხოვრები ნათესავებისგან იღებდა. ახალი კორონავირუსის პანდემია და სასაქონლო ფასების მკვეთრი ვარდნა გავლენას იქონიებს ფულადი გზავნილების შემოდინებაზე საქართველოში, რამდენადაც ძირითადი ქვეყნები, საიდანაც გზავნილების მიღება ხდება, კრიზისის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ (მაგ. იტალია, რუსეთის ფედერაცია, შეერთებული შტატები)“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები