“მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა, ეპიდემიად იქცეს – მოვუწოდებ მედიას, არ გახდეს ამ პროცესის მონაწილე” – დეკანოზი

“ჩვენი მიზანი არაა, ეს წარწერა, როგორც განწყობა, აზრი, წავშალოთ, ჩვენი მიზანია, მოვუხმოთ საზოგადოების ყველა ფენას, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი”, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი ახალგაზრდების თვითმკვლელობის ფაქტებს და მოუწოდა საზოგადოებას, ყველამ ერთად გავითავისოთ, რა შეცდომები დავუშვით. აღნიშნულის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საჭიროა, ერთობლივი ძალებით მივიდეთ ახალგაზრდებთან ახლოს, მოვუსმინოთ და მათი პრობლემები გავიზიაროთ:

“წარწერა არის განწყობა, აზრი, დამოკიდებულება და რადგან ის ფიქსირდება, ჩნდება, ე.ი. მას აქვს მიზეზი. ჩვენი მიზანი არაა, ეს წარწერა, როგორც განწყობა, აზრი, წავშალოთ, აღკვეთოთ, ავკრძალოთ! ჩვენს მიზანია, მოვუხმოთ საზოგადოების ყველა ფენას, განსაკუთრებით მასმედიის, ხელისუფლების, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებს, ერთად გამოვიძიოთ, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, რამ გააჩინა ეს წარწერა და ჩვენ მივხვდებით, რომ ეს წარწერა კი დაწერა ბავშვმა, მაგრამ მის შემოქმედებაში ყველას ჩვენი წილი ,,წვლილი,” გვაქვს შეტანილი და ყველამ ერთნაირად გავითავისით, რა შეცდომები დავუშვით. ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, დავსხდეთ ერთად და ვიფიქროთ, რატომ წერენ ამას ჩვენი შვილები…

ჩვენი მიზანია, ერთად მოვიფიქროთ, როგორ მივიწიოთ ჩვენს შვილებთან ახლოს, მათ მოსასმენად, მათ გასაცნობად. მივცეთ მათ ჩვენი რესურსი, რჩევა, გამოცდილება და ერთობლივი ძალებით მივიწიოთ მათთან უფრო ახლოს, გავიცნოთ, მოვუსმინოთ, ვემეგობროთ. მხოლოდ ასე შეიძლება მივიღოთ, სხვა შინაარსის წარწერები და არა კედლებზე, არამედ მათ გულებზე, – სულ სხვა შინაარსის წარწერები, ” განაცხადა დეკანოზმა.

დეკანოზი მოუწოდებს მასმედიის წარმომადგენლებს, უნებლიედ არ გახდნენ ტრაგედიის, როგორც ეპიდემიის გამავრცელებელნი და განმარტავს, რომ თითოეული ნეგატიური სიტყვა გარემოს ამძიმებს ტრაგედიას ეპიდემიასავით ავრცელებს:

“ვფიქრობთ, რომ ეს არის ტრაგედია და მეტიც, ძალიან სერიოზული საშიშროება, რომელიც შეიძლება იქცეს ეპიდემიად და მინდა მოვუწოდო მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით მასმედიას, რომ უნებლიეთ არ გავხდეთ ამ პროცესების მონაწილე. ყველა წყენა, დაპირისპირება გვერდზე გადავდოთ და გამოვთქვათ მზაობა, ღიაობა, ამ საშიშროების შესაჩერებლად. მომწამლავი აირი უნდა გადაიკეტოს და სუფთა ჰაერი უნდა შემოვიდეს. …უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სივრცეში გაჟღერებული ყველა ნეგატიური სიტყვა, ფრაზა, გამოსვლა ამძიმებს და არაჯანსაღს ხდის ამ გარემოს, რაც ყველაზე მეტად ურტყამს ახალგაზდობას, რადგან ის ყველაზე მეტად მოწყვლადია. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვფიქრობდით და ვიზრუნოთ,” – განაცხადა დეკანოზმა გურამ წარელაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები