“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნას პირობები დიალოგის გასაახლებლად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის” – ატილა მესტერჰაზი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ატილა მესტერჰაზი ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების საკითხს ეხება და აცხადებს, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი ვალდებულება ნატო-ს ფასეულობების მიმართ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას პირობები ოპოზიციასთან დიალოგის გასაახლებლად.

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი დადგენილება ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეში, ბადებს კითხვებსა და შეშფოთებას. ვშიშობ, დადგენილებასთან დაკავშირებული გარემოებები, კიდევ უფრო აძლიერებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას შექმნას პირობები დიალოგის გასაახლებლად უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ქართველი ხალხის ნდობის აღსადგენად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა უზრუნველვყო, რომ ასამბლეამ განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ველი ბოლოდროინდელი მოვლენების განხილვას ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე“, – აცხადებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები