მოწყვეტილი თითები, დამწვრობა, თვალის დაზიანება – “მცხეთის სამედიცინო ცენტრის” ქირურგი პიროტექნიკაზე

ზოგადი ქირურგი, “მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკური დირექტორი დავით ლოლაძე, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის შედეგად მიყენებულ დაზიანებებზე საუბრობს და მოქალაქეებს მოუწოდებს მისი გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით ბავშვები მოარიდონ აივნებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ლოლაძემ განაცხადა, პიროტექნიკით დაზიანების გაცილებით მეტი შემთხვევაა ზრდასრულ ადამიანებში, ვიდრე ბავშვებში. ბავშვები ხშირად გაუცნობიერებლად მოქმედებენ, ერთმანეთს ჯიბეში ან სკოლის ჩანთებში უდებენ ასაფეთქებლებს, შესაბამისად გაუთვლელია მიღებული დაზიანებები. ხშირია ჯგუფური დაზიანებები, მიმართულების შეშლის ან პიროტექნიკის გაუმართაობის გამო.

“შარშან, ახალი წლის ღამით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში,  70 წლამდე მამაკაცი შემოვიდა თვალის არეში მძიმე დაზიანებით. მერამდენე გასროლა იყო არ დაითვალა, ჩაიხედა შიგ და თვალი დაიზიანა. სამწუხაროდ, მხედველობის შენარჩუნებაზე საუბარი ზედმეტი იყო. პიროტექნიკით მიყენებული ძირითადი დაზიანებებს შორის უმეტესად არის დამწვრობა, ხშირად მაღალი ხარისხის. არის სამოსის აალების და ხანძრის შემთხვევები, როცა ბავშვი ვერ ასწრებს ახერხებს თავს დაცვას და აალებული სამოსის ჩაქრობას”, – აცხადებს ზოგადი ქირურგი, დავით ლოლაძე.

მისივე თქმით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ადამიანები ძირითადად იღებენ სხეულის მაღალი ხარისხის დამწვრობას, ხელის მტევანზე მძიმე ჭრილობებს, არის თითების მოწყვეტის შემთხვევებიც. მაღალია სამოსის აალების ალბათობა, ამ დროს ბავშვი ვერ ახერხებს თავის დაცვას და აალებული სამოსის დროულად ჩაქრობას.

“ქუჩებში პიროტექნიკის მასობრივი გამოყენების თვალსაზრისით, წელს შედარებით სიმშვიდეა. ჯერ არ ყოფილა პიროტექნიკის შედეგად ბავშვების დაზიანებების შემთხვევები. არ ისმის აფეთქებების ხმა, თუმცა, პიროტექნიკის აქტიურად გამოყენების ყველაზე დიდი ნაკადი 31 დეკემბრის ღამეა, როცა ახალი წელი შემოდის. შარშან, კლინიკაში, სხეულის დაზიანებებით, დაახლოებით ორწუთიანი ინტერვალით 20 -მდე პაციენტი შემოვიდა. დაზიანებები იყო: მოწყვეტილი თითები, დამწვრობები, დაზიანებები თვალისა და სახის არეში. იყო ჭრილობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობასაც კი წააგავდა”, – განაცხადა დავით ლოლაძემ “მთავარში”.

მისივე ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში, „მცხეთის სამდეიცინო ცენტრი“ მობილიზებულია და მუდმივად სატელეფონო კონტაქტზე იმყოფება მიკროქირურგი, ბავშვთა ქირურგი და ზოგადი ქირურგი. “სრული მზაობა გვაქვს, იმედია არ დასჭირდებათ მოქალაქეებს ახალი წლის ღამით ჩვენი მომსახურება. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ სხვა გასართობები მოვნახოთ ბავშვებმა და დიდებმა. არ არის სასიამოვნო, ახალი წლის საავდმყოფოში გატარება მოწყვეტილი თითებით და დამწვრობით”, – აცხადებს დავით ლოლაძე.

მისივე თქმით, პიროტექნიკით დაზიანების ყველა შემთხვევა საჭიროებს ქირურგიულად დამუშავებას. იგი მოქალაქეებს ურჩევს, გააკონტროლონ საკუთარი შვილები და ბავშვები უყურადღებოდ არ დატოვონ. თუ მაინც ვერ ამბობენ უარს პიროტექნიკის შეძენაზე, წაიკითხონ მისი მოხმარების წესები, დაიცვან დაყოვნების დრო, დამაგრების ადგილი და სხვა.

მსგავსი თემები