მოძალადეების ქცევის მაკონტროლებელი ელექტრონული სამაჯურების პრაქტიკა წლის ბოლომდე დაინერგება

ოჯახური დანაშაულის მზარდ ტენდენციასთან ბრძოლის მიზნით, მაღალი რისკის მატარებელი მოძალადეების ქცევის გასაკონტროლებლად საქართველოში, ელექტრონული სამაჯურების გამოყენების პრაქტიკა წლის ბოლომდე დაინერგება.

​ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, წლის დასაწყისიდან დღემდე, 3 292 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, ხოლო ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 1 328 პირია დაკავებული. დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, დაკავებულია 50-ზე მეტი პირი, რაც 2017 წლის მთლიან მონაცემს აღემატება​.

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს, ოჯახური დანაშაულის შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გამოძიება ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე დაიწყო, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ განხორციელდა, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება.

​ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 6 თვეში გატარებული ღონისძიებების სტატისტიკა შემდეგია: 2018 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის 2804 ფაქტზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა – 1933 პირის მიმართ, რაც წინა წლის მთლიან მონაცემს უტოლდება. ოჯახური დანაშაულის ბრალდებით მიმდინარე წლის 6 თვეში დაკავებულია 1328 პირი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2018 წლის 6 თვეში გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა (3292) ორჯერ აღემატება მთელი 2017 წლის მონაცემს. დაბალია შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის მაჩვენებელი, რაც მხოლოდ 7%-ს შეადგენს და ძირითადად “მიახლოების აკრძალვის” დარღვევაში გამოიხატება.

​მინისტრის მოადგილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ახორციელებს არამხოლოდ სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემის შიგნითაც. 2018 წელს გენერალური ინსპექციის მიერ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე, დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 10 მოსამსახურეს. კერძოდ, ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტროს შიგნით ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და ძალადობის განმეორების რისკების თავიდან ასაცილებლად, ცვლილებები განხორციელდა მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოცემისთანავე პოლიციის თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურებრივი იარაღი.

მსგავსი თემები