მოსახლეობის მიერ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერა იწყება – კონკურსი “ეკომონადირე” 

საქართველოს ეროვნულიბოტანიკური ბაღი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ-სთან ერთად, იწყებს ახალ პროექტს – „ეკომონადირე”, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის მიერ  თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების აღწერას ონლაინ პლატფორმა iNaturalist -ის საშუალებით.

​პროექტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა, სადაც ეროვნული ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებმა საკონკურსო პირობებსა და მისი განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც კონკურსის სახე ექნება, მონაწილეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბოტანიკური ბაღის მიერ მიცემული დავალებების შესრულებაში, რომელიც ყოველი თვის დასაწყისში გამოცხადდება „ფეისბუქის“ და iNaturalist პლატფორმის საშუალებით.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის ბოტანიკურ ბაღში განუცხადეს, iNaturalist -ი ერთ-ერთი პოპულარული ონლაინ პლატფორმაა ბუნების მოყვარულთათვის, რომლის საშუალებითაც ადამიანები სწავლობენ გარემომცველ ბიომრავალფეროვნებას და ერთმანეთს ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებენ.

​მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პროექტი მოიცავს მხოლოდ თბილისისა და მისი შემოგარენის მცენარეთა მრავალფეროვნებას, თუმცა სამომავლოდ მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება. პროექტი ხელს შეუწყობს თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი დაცვისა და შენარჩუნების აუცილებლობის გააზრებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ პლატფორმას რამდენიმე ასეულობით ათასი მომხმარებელი ყავს, საქართველოს მოქალაქეები iNaturalist-ში მცენარეთა აღწერას პირველად შეუერთდებიან ასეთი ორგანიზებული ფორმით. დიდი იმედი მაქვს რომ საზოგადოების აქტიური ჩართულობით დიდძალი ინფორმაციის შეგროვებას შევძლებთ. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას შეეძლება წვლილი შეიტანონ თბილისის ურბანული ბიომრავალფეროვნების შესწავლაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტმა მიიღო კონკურსის სახე და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გვექნება აქტიური მონაწილეების გარკვეული პრიზებით წახალისების შესაძლებლობა“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

პროექტი 7 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება და 4 თვე გასტანს. მონაწილეობის მსურველები დეტალურ ინფორმაციას გაეცნობიან ეროვნული ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ვებგვერდზე http://www.nbgg.ge/.

 

მსგავსი თემები