მოსამართლის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და პატიოსნებაა – მამუკა კაციტაძე

პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანი და მათ შორის მოსამართლე, ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ამ უკანასკნელის შემფასებელი ადამიანის წარსულია. 

​როგორც მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიაში არიან ადამიანები, რომელთა სახელები ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს უკავშირდება, ეს კი პირდაპირ მათ რეპუტაციაზე მოქმედებს. 

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კანონი და კანონის დამცველი სასამართლო, საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდეს. ყველა ხელისუფლებას აქვს სასამართლო ხელისუფლების კონტროლის სურვილი, შესაძლოა თავისუფალი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ყოველთვის არ იყოს ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ ყველაფერი ღირს იმად, რომ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლოს მიმართ ნდობა გაუჩნდეთ.

​მამუკა კაციტაძის თქმით, როგორც კი სასამართლოს მიმართ სანდოობა იკარგება და მის მიმართ დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება, ეს გადაედება სხვა სფეროებს და სერიოზული ჩრდილი ადგება მთლიანად ხელისუფლებას. 

“მესმის, რომ არსებობს სურვილი იმისა, რომ სასამართლოში განსახილველი საქმეები ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყდეს, მაგრამ 21-ე საუკუნეში, დემოკრატიული სახელმწიფოები ასე არ ვითარდებიან. ერთი მხრივ გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, მაგრამ გვაქვს ცდუნება, რომ არადემოკრატიულად გვქონდეს ინსტიტუციები მოწყობილი. იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს სტაბილური და გადაწყვეტილებები ოპერატიულად მიიღებოდეს, საჭიროა ცენტრალიზებული მართვის სისტემა,  მაგრამ მაშინ ვერ გავხდებით დემოკრატიული, მოწინავე ქვეყანა”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

მისივე თქმით, ამისთვის არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო სახელმწიფო კონტროლისგან, არსებობს დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც შეიძლება გავიზიაროთ, მთავარია ქვეყანამ შედეგად, თავისუფალი სასამართლო მიიღოს. 

მსგავსი თემები