„მოსამართლეს სინდისი სუფთა და თავი დამძიმებული უნდა ჰქონდეს, სიის წევრებს კი ორივე დამძიმებული აქვთ“ – კახა წიქარიშვილი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი პარლამენტს მიმართავს, მოსამართლეთა საკითხი ჩააგდოს. ეს  განცხადება წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებს თავიც და სინდისიც ერთნაირად აქვთ დამძიმებული.    

„უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მოსამართლე: ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ მოსამართლე შეიძლება იყოს მხოლოდ კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მოსამართლეს სინდისი უნდა ჰქონდეს სუფთა და თავი დამძიმებული. თუ მოსამართლეს სინდისი აქვს დამძიმებული არ ივარგებს მოსამართლედ, თუ თავი არ აქვს დამძიმებული, ასევე ის არ ივარგებს მოსამართლედ. არადა, ყველაზე უარესი შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც მოსამართლეს თავი და სინდისი ერთად აქვს დამძიმებული. ესაა უარესი შემთხვევა. ჩვენ ამ მოსამართლეთა სიაში გვაქვს ორი კომბინაცია, როცა მოსამართლეებს აკლიათ, ან კეთილსინდისიერება, ან კომპეტენცია, ან ორივე“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეობის მსურველთა 20 კაციანი სია არაფრით ჯობს იმ 10 კაციან სიას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველად გაუგზავნა.

„სია თითქმის იგივენაირი სულისკვეთებითაა წარმოდგენილი. ესაა ხალხი, რომელიც კლანთანაა დაკავშირებული. დეპუტატების მიმართ ჩემი მიმართვა იქნება ის, რომ ეს სია თუ დაამტკიცა “ქართულმა ოცნებამ”, თუნდაც 15 ან 10 კაცის შემადგენლობით, ეს იქნება სერიოზული დარტყმა თვითონ “ქართულ ოცნებაზე”. ვინაიდან, გასაუბრების დროს, “ქართული ოცნების” დეპუტატები ძალიან ცდილობდნენ, რომ კანდიდატებისთვის რაღაცნაირად გამოეტყუათ ინფორმაცია წინა პერიოდში სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. არცერთი კანდიდატი არაა გულწრფელი და არ ყვება იმას, რაც თვითონ იცის. კანდიდატებს აქვთ ბევრი ინფორმაცია რა ხდებოდა სასამართლოში, მაგრამ ისინი ამის შესახებ არ საუბრობენ და არ არიან გულწრფელები. არიდებდნენ თავს შეკითხვებს და იტყუებოდნენ, ეს კი მკაფიოდ და აშკარად ჩანდა. საზოგადოებამ ვერ მიიღო ვერცერთი სიღრმისეული პასუხი, თუ რა ხდებოდა სასამართლოში 2012 წლამდე. ეს იყო საზოგადოებრივი ინტერესი და 20 კანდიდატიდან ვერც ერთმა  უპასუხა ამ კითხვას“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები