მოსამართლეთა რაოდენობით დასავლურ სტანდარტებს ბევრად ჩამოვრჩებით – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა ერთ-ერთი პრობლემაა და ამ თვალსაზრისით საქართველო ბევრად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც არის აპრობირებული დასავლეთის სივრცეში. შესაბამისად, ეს იწვევს კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემებს, ჭიანურდება საქმეთა განხილვა სასამართლოში.

ირაკლი კობაძის თქმით, ეს არის პრობლემა და გარკვეულ დაბრკოლებას შექმნის თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უვადო დანიშვნის გადავადების თაობაზე.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმოდგენილ 10-კაციან სიას პარლამენტი კენჭს არ უყრის, სანამ ყველა კანდიდატი შემუშავებულ პროცედურებს და კრიტერიუმებს არ გაივლის. ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

„გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ სიას კენჭი არ ეყრება და კენჭი ეყრება ახალ სიას, რომელიც იქნება წარმოდგენილი. შევთანხმდით, რომ ჯერ შემუშავდება პროცედურა, კრიტერიუმები. ამ ფილტრს გაივლის ყველა კანდიდატი, მათ შორის ის ათიც შეიძლება, რომელიც მანამდე იყო წარმოდგენილი, სხვა კანდიდატები. პროცესი იქნება მაქსიმალურად ღია და გახსნილი, გამჭვირვალე. ამის საფუძველზე შეირჩევა 18კანდიდატი 18 ვაკანტურ პოზიციაზე და მერე უკვე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვის დაუჭერს მხარს. ჩემი მხრიდან დღესარასწორი იქნება ვინმეს მხარდაჭერაზე მხარდაჭერაზე უარზე საუბარი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 

​მისივე თქმით, მოსამართლეების უვადო დანიშვნის გადავადება, კომპლექსურად უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მიიღოს.
 

მსგავსი თემები