„მოსამართლეები პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყვნენ, დღეს თავისუფლები არიან“ – ძიძიგური უვადო მოსამართლეებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია.

​როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დღეს სასამართლო თავისუფალია, თუმცა, თუ სახელმწიფოს განვითარება გვინდა, უვადო მოსამართლეებიც ამ სახელმწიფოს ნაწილია.

„ჩვენი მთავარი მონაპოვარია ის, რომ სასამართლო, მედია, ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლების ნაწილში სერიოზული პრეტენზიები გვაქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა. თუ გვინდა, სახელმწიფო განვითარდეს და წინ წავიდეს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი დარეგულირებულია. სასამართლო დღეს ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არასდროს ყოფილა. მართალია, ამბობენ, მოსამართლეები მაშინ სააკაშვილის მხარეს იყვნენ, ახლა კი ივანიშვილის მხარეს არინ, მაგრამ, მე მათ მინდა ვუთხრა, რომ უვადოდ დანიშნული მოსამართლეში იმხელა დამოუკიდებლობის ხარისხია, მისთვის ვერც სააკაშვილი, ვერც ივანიშვილის, ვერც კობახიძე და ვერც ძიძიგური გადამწყვეტი ვერ იქნება”, – აღნიშნა ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, „გახმაურებული მოსამართლეების,“ მაგალითად ლევან მურუსიძის უვადო დანიშვნა, რომელიც თუნდაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის თემითაა ცნობილი, უნდა ნიშნავდეს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, ძიძიგურმა უპასუხა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს მოსამართლეების პოლიტიკური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ.

„გვარებთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან პრეტენზიები არსებობს და ეს გასაგებია. ამიტომაც არ მივიღეთ ის 10 კაციანი სია, იუსტიციის საბჭომ წარმოედგინა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი იქნება. გეთანხმებით, რომ გვარებზე არის პრობლემები, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს გვარები არის მიუღებელი უვადო მოსამართლეობისთვის. ამ პოზიციას ეთანხმება ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა და ესეც გასაგებია. ეს მოსამართლეები წარსულში იყვნენ პოლიტიკური ზემოქმედების ქვეშ და დღეს ისინი თავისუფლები არიან ამისგან. თუ ვინმე შეადარებს იმ დორის სასამართლოს დამოუკიდებლობას დღევანდელს და იტყვის, რომ ეს ერთი და იგივეა, მე ვიტყვი, რომ ის საშინლად არაინფორმირებულია“, – აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა “მთავარში”.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებას, ძიძიგურის თქმით, ამაზე პასუხისმგებელი პარლამენტი ვერ იქნება: „ამ შემთვევაში, პარლამენტს ნუ მოვთხოვოთ პასუხს. პარლამენტი კანონმდებლობით არ არის უფლებამოსილი. ეს არის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა მათ 3 წლის ვადით შეუძლიათ, ამ ვადის გასვლის შემდეგ, უვადოდ მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათ პარლამენტი ნიშნავს და პარლამენტმა კი კრიტერიუმების დადგენით მოთხოვნით უპასუხა. ვინმეს თუ უნდა, რომ კონსტიტუცია არ დავიცვათ, კანონი არ დავიცვათ, დავიწყოთ ისეთი ტიპის მოქმედებები სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ, რომელიც კანონმდებლობაში გაწერილი არ არის, ამას ჩვენ არ გავაკეთებთ“.

მსგავსი თემები