მოსალოდნელია, თუ არა უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება?

“მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული”, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი კოორდინირებული, სწრაფი და დროული ქმედებისთვის. ასეთი დონის კრიზისი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა და ბუნებრივია, ნებისმიერი კრიზისის დროს, ეკონომიკას სჭირდება სტიმულირება. ეს პაკეტი, რომელიც დღეს წარმოადგინა მთავრობამ, არის ყოვლისმომცველი და არის ძალიან კარგად დაბალანსებული. ერთი მხრივ, ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას, იპოთეკური სესხების ნაწილს ვგულისხმობ, ხოლო მეორე მხრივ, ახდენს მიწოდების სტიმულირებას, აქ ვგულისხმობ სახელმწიფო შესყიდვებისა და ასევე გარანტიების სქემას, რომელიც წარმოადგინა მთავრობამ. ჩვენი აზრით, სტიმულირების ეს პაკეტი და პროგრამა ხელს შეიწყობს დეველოპერულ სექტორში ლიკვიდურობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. შესაბამისად, ძალიან სერიოზულად დაეხმარება ამ სექტორში მოქმედ კომპანიებს და დასაქმებულებს“, – განაცხადა ბურდილაძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, უძრავ ქონების გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ფასები გაიზრდება უძრავ ქონებაზე, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები