მორატორიუმი მოიხსნას და ქალაქი ისე განვითარდეს, რომ მცხეთის იერსახე არ დაზიანდეს – მოსახლეობა

მცხეთის მოსახლეობა 2015 წლიდან გამოცხადებული მორატორიუმის დასრულებასა და ქალაქის განაშენიანებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, სწორედ მათ ინტერესებში შედის, რომ მცხეთის განვითარებისა და განაშენიანების გეგმა ქალაქის ინტერესებს ერგებოდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქის ინტერესები არ დაზარალდეს.

„მცხეთის განვითარებისა და განაშენიანების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს და ერგებოდეს ქალაქის ინტერესებს. ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, რომ მისი ისტორიული სტატუსი არ დაიკარგოს. მოსახლეობის ინტერესია, რომ ქალაქის იერსახე არ დაზიანდეს, სხვადასხვა ინტერესებმა ერთმანეთს არ გადასძლიოს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქი არ დაზიანდეს. ისტორიული შეცდომა არ უნდა დაუშვან. მცხეთა ისე არ უნდა განაშენიანდეს, რომ ის ტურისტებისთვის მიუღებელი იყოს“ – აღნიშნული განცხადება მცხეთის მოსახლეობამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, თამარ მაისურაძე აცხადებს, მიზეზი, რის გამოც მცხეთის საკრებულომ გენგეგმის დოკუმენტი ჩააგდო, სწორედ ზემოთ აღნიშნული ინტერესების უგულვებელყოფა იყო: „საკრებულომ ეს დოკუმენტი სწორედ იმიტომ არ მიიღო, რომ მცხეთისა და მცხეთის მოსახლეობის ინტერესები იგნორირებული იყო. ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია, განაშენიანება აუცილებელია, თუმცა ისე, რომ მისი მნიშვნელობა არ დაიკარგოს. მორატორიუმის შედეგად, რომელიც 2015 წლიდან დაწესდა, მოსახლეობას საკუთარ სახლში, ეზოში, ელემენტარული ცვლილების განხორციელებაც კი არ შეუძლია. მაგალითად, ღობის შეცვლა რომ იყოს საჭირო, ვერ შეცვლი. წარმოგიდგენიათ, ელემენტარული ცვლილების უფლება არ გვაქვს. ეს ხომ უნდა დასრულდეს. საერთოდ, მთლიანი ქალაქია შეჩერებულია. ეს, წლობით გაგრძელებული მორატორიუმი მცხეთის მოსახლეობისთვის საშინელებაა.“

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის სექტემბერში, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გეგმარებით დავალებაზე ტენდერი გამოცხადდა. ამ დრომდე კი გენგეგმის დოკუმენტი არ არსებობს, რის გამოც მოსახლეობა მორატორიუმის პირობებში იმყოფება. მორატორიუმი კი 3-ჯერ გახანგრძლივდა და ის პირდაპირ კავშირშია გენგეგმის დოკუმენტის დამტკიცებასთან. ამჯერად, მორატორიუმის ვადა 2019 წლის ბოლომდეა.

მსგავსი თემები