“მომწერეს, რომ კახა კალაძე საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს” – ანიტას დედა თბილისის მერს მადლობას უხდის

დედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი, კახა კალაძე მზად არიან 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობა დააფინანსონ.

თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას ანიტას დედა გამოეხმაურა. მარიკო სადრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ არ იცის, რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. მისი თქმით, კახა კალაძე პირადად 30 000 ლარს ურიცხავს ოჯახს.

„ვიცი ბატონ კახის არ უყვარს აფიშირება, მაგრამ მე რომ საჯარო მადლობა არ გადავუხადო უბრალოდ გული გამისკდება. ყოველ დღე მისი უშუალო დავალებით მეკონტაქტებოდნენ და გამოთქვამდნენ მზაობას დახმარებისთვის (თუმცა, რა თქმა უნდა, რა თანხით დახმარებაზეა საუბარი არ ვიცოდი და არც ახლა ვიცი) ყველაზე გულის ამაჩუყებელი ჩემთვის იცით რა იყო? არა თანხით დახმარება, არამედ თურმე ბატონი კახი ყოველ დღე კითხულობდა, როგორ არის ის პატარა გოგოო.

დღეს მომწერეს, რომ საკუთარი ფინანსებით 30.000 ლარს ურიცხავს ჩემს ოჯახს. როდესაც კალკულაცია მექნება, მერია მზადყოფნას აცხადებს დახმარებისთვის. მსგავსი ტიპის შეტყობინება შემომივიდა დღეს. ეს დღეები იმდენი ემოცია აირია ჩემს თავში, უკვე აზრების დალაგება მიჭირს. ის, რაც არასდროს არ გამომივა პირფერობაა და ვინც მე მიცნობს, კარგად იციან ეს! ისიც იციან რამხელა სიმპატიით ვიყავი ჩვენი მერის მიმართ განწყობილი.

ალბათ გული მიგრძნობდა. მის ოჯახს ღმერთი დაუბრუნებს ამ და სხვა სიკეთეებს აუცილებლად. მე კი ჩემი მხრიდან ისევ ისღა დამრჩენია, ჩემი გაცვეთილი და მოკრძალებული მადლობა ვუთხრა მას და ყველას თქვენ, ვინც ჩემი ტანჯვის ცრემლები სიხარულის ცრემლად აქციეთ. პ.ს. მეგობრებო, ჯერ მეც არ ვიცი რა თანხით დაფინანსებაზეა საუბარი. ეს ჯერ არავის დაუკონკრეტებია“, – აცხადებს მარიკო სადრაძე

ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი ბანკი“ – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია).

მსგავსი თემები